ავღანეთი

ჩინეთის მთავრობა ავღანეთს 31 მილიონი დოლარით დაეხმარება 

ჩინეთის ლიდერი, სი ძინფინგი

ჩინეთის მთავრობა ავღანეთს 31 მილიონი დოლარით დაეხმარება. საგარეო სამინისტროს განმარტებით, ეს ჰუმანიტარული დახმარებაა და თანხის უდიდესი ნაწილი საკვების, სურსათის, მედიკამენტებისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შეძენას მოხმარდება. 

ჩინეთის მთავრობა, ასევე, გეგმავს, რომ ავღანეთს 3 მილიონი დოზა ჩინური წარმოების ვაქცინაც გადასცეს საჩუქრად. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვანგ ვენბინმა თალიბანთან თანამშრომლობისა და რეგიონში უსაფრთხო გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ აშშ-ს 20-წლიანი მისიით ავღანელ ხალხს დიდი ზიანი მიადგა. 

"ის, რაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ავღანეთში მოხდა, მაგალითია იმისა, თუ რა შედეგებამდე მივყავართ სხვებზე საკუთარი იდეოლოგიის მოხვევას და სამხედრო ჩარევას. შეჭრის პირველი დღიდან ბოლომდე ავღანელი მოსახლეობა სერიოზულად დაზარალდა". – თქვა ვენბინმა.

აღსანიშნავია, რომ თალიბანი ჩინეთს ყველაზე მნიშვნელოვან პოტენციურ პარტნიორად აღიქვამს და კომუნისტური მთავრობის კეთილგანწყობაზე დიდ იმედებს ამყარებს. 

თალიბანის სპიკერმა, სუჰაილ შაჰინმა თქვა, რომ ჩინეთმა კონსტრუქციული როლი შეასრულა ავღანეთში მშვიდობისა და მხარეებს შორის შერიგების ხელშეწყობაში და მისასალმებელია, თუკი ის წვლილს ქვეყნის აღმშენებლობაშიც შეიტანს. 

"ჩინეთი დიდი ქვეყანაა, უზარმაზარი ეკონომიკითა და შესაძლებლობებით. ვფიქრობთ, რომ მას შეუძლია, ძალიან დიდი როლი შეასრულოს ავღანეთის აღმშენებლობაში, რეაბილიტაციაში, რეკონსტრუქციასა და განვითარებაში". – თქვა შაჰინმა ჩინეთის სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში. 

უკანასკნელ წლებში ჩინეთისა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის ოფიციალური შეხვედრები არაერთხელ გამართულა. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ავღანეთის აღების შემდეგ, მხარეებს შორის კავშირები გამყარდება. 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი. თალიბანი აცხადებს, რომ პანჯშირის ხეობა დაიკავა, თუმცა ამას უარყოფენ წინააღმდეგობის წევრები. აჰმად მასუდმა მთელ ავღანეთს ეროვნული წინააღმდეგობის დაწყებისკენ მოუწოდა.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა ახალი მთავრობა 7 სექტემბერს დაამტკიცა. თალიბანის მმართველობის ქვეშ, ავღანეთს მოლა ჰასან ახუნდი გაუძღვება. მისი მაოდგილე იქნება დაჯგუფების თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები