ავღანეთი

თალიბანი: ჩინეთს ავღანეთის აღმშენებლოსა და განვითარებაში დიდი როლის შესრულება შეუძლია

ჩინეთის ლიდერი, სი ძინფინგი

თალიბანის სპიკერმა, სუჰაილ შაჰინმა თქვა, რომ ჩინეთმა კონსტრუქციული როლი შეასრულა ავღანეთში მშვიდობისა და მხარეებს შორის შერიგების ხელშეწყობაში და მისასალმებელია, თუკი ის წვლილს ქვეყნის აღმშენებლობაშიც შეიტანს. 

"ჩინეთი დიდი ქვეყანაა, უზარმაზარი ეკონომიკითა და შესაძლებლობებით. ვფიქრობთ, რომ მას შეუძლია, ძალიან დიდი როლი შეასრულოს ავღანეთის აღმშენებლობაში, რეაბილიტაციაში, რეკონსტრუქციასა და განვითარებაში". – თქვა შაჰინმა ჩინეთის სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში. 

ივლისში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იიმ თალიბანის დელეგაციასთან შეხვედრისას თქვა, რომ ის იმედოვნებს, რომ ავღანეთი შეძლებს, მიიღოს ზომიერი ისლამისტური პოლიტიკა და არ გადაიზარდოს ექსტრემიზმში.

უკანასკნელ წლებში ჩინეთისა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის ოფიციალური შეხვედრები არაერთხელ გამართულა. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ავღანეთის აღების შემდეგ, მხარეებს შორის კავშირები გამყარდება.  


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები