ავღანეთი

საგარეო: ქართველები ქაბულის აეროპორტში ვერ მიდიან, ვმუშაობთ, ჯავშნიანი მანქანით მიიყვანონ

თალიბები
dw.com

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში მყოფმა ქართველებმა ქაბულში დაძაბული ვითარების გამო, აეროპორტში მისვლა ვერ მოახერხეს, რის შედეგადაც, უკრაინული რეისი მათ გარეშე გამოფრინდა. 

მათივე ინფორმაციით, თურქული მხარე მათ მიყვანას აეროპორტამდე ჯავშნიანი მანქანებით უზრუნველყოფს, ამის შემდეგ კი ისინი მოახერხებენ ქვეყანაში დაბრუნებას.

"ჩვენ 2 საათისთვის უკვე გვქონდა უზრუნველყოფილი შესაბამისი რეისი ქაბულის აეროპორტიდან, შეთანხმებული გვქონდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მისულიყვნენ აეროპორტში. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი აეროპორტში მისვლა და უკრაინული რეისი გამოფრინდა მათ გარეშე. ამასთან ერთად, ჩვენ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდა საუბარი და მათი მხრიდან არის დასტური, რომ მათი გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან. რამდენიმე რეისი არის კიდევ დაგეგმილი. მათ, სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს ღამის განმავლობაში აეროპორტში მისვლა, რადგან მდგომარეობა იყო დაძაბული ქაბულში და არჩიეს, დარჩენილიყვნენ ბაზაზე. ახლა ვმუშაობთ უკვე მათი საკუთარი ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადასაყვანად. თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა მზაობა, რომ დაგვეხმარებიან, მიიყვანონ ჯავშნიანი მანქანებით ქაბულის აეროპორტში. ახლა მიმდინარეობს ეს ოპერაცია და უახლოეს მომავალში იმედია, ისინი ქაბულის აეროპორტში იქნებიან საიდანაც ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ მათ ჩამოყვანას საქართველოში. 

ასევე, საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორდს მათ წამოსაყვანად, ეხლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები და ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს მათ ჩამოყვანას". – ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ღვთისიაშვილი. 


დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულიდან გამოყვანას 22 ქართველი ითხოვს, დღეს, 16 აგვისტოს კი აეროპორტი იკეტება.

კვირას, 15 აგვისტოს, თალიბანის მებრძოლები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ. ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალური პირის თანახმად, ქალაქში თალიბანის მებრძოლები "ყოველი მხრიდან" შედიოდნენ.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა და ტაჯიკეთში გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ავღანეთის ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

The Associated Press-ს ავღანეთის მთავრობის თანამდებობის პირებზე დაყრდნობით წერს, რომ თალიბანის მებრძოლები დედაქალაქ ქაბულის კალაკანის, ქარაბაღის და პაღმანის რაიონებში არიან შესული.

BBC-ის ჟურნალისტი იალდა ჰაკიმი წერს, რომ თალიბანის მებრძოლები ქალაქში ძლიერ წინააღმდეგობას არ აწყდებიან. BBC-ს ინფორმაციით, თალიბანმა თავის მებრძოლებს ქაბულში ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ქალაქიდან უცხოელი დიპლომატების ევაკუაცია გრძელდება.

დღეს თალიბანმა მორიგი პროვინციის დედაქალაქი დაიკავა. პროვინცია ნანგარჰარის დედაქალაქი ჯალალაბადი დაჯგუფებამ უბრძოლველად აიღო. პროვინციის გუბერნატორმა თალიბანს ქალაქზე კონტროლი გადასცა.

გუშინ, 14 აგვისტოს, თალიბანმა დაიკავა ქაბულის მოსაზღვრე პროვინციის, ლოგარის მთავარი ქალაქი პულ-ე-ალამი, რომელიც დედაქალაქიდან 70 კილომეტრში მდებარეობს და ერთგვარ კარიბჭეს წარმოადგენს ქაბულამდე მისაღწევად. ჯერჯერობით ქაბული სტრატეგიული მნიშვნელობის მთავარ ქალაქად რჩება, რომელიც დაჯგუფებას ჯერ არ აუღია.

12 აგვისტოს, თალიბებმა ავღანეთის სიდიდით მესამე ქალაქი, ჰერათი დაიკავეს, რომელიც ამავე სახელის პროვინციის დედაქალაქია. გასულ კვირას  დაჯგუფებამ ორ დღეში ორი პროვინციის დედაქალაქი აიღო. 6 აგვისტოს თალიბანმა დაიკავა ნიმროზის პროვინციის დედაქალაქი, ზარანჯი, 7 აგვისტოს კი ჯუზჯანის პროვინციის დედაქალაქი – შებერღანი. 

6 აგვისტოს თალიბანმა ავღანეთის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დავა ხან მენაპალის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო. ბოლო რამდენიმე თვეა, რაც თალიბანის სამიზნეები ხდებიან მთავრობის წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები, აშშ-ს სამხედროების ავღანელი თარჯიმნები, ავღანელი პილოტები და კომიკოსებიც კი. 

6 აგვისტოს თალიბანმა ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე მთავარი გამშვები პუნქტი ჩაკეტა და გამოაცხადეს, რომ არავის გადაუშვებენ მეორე მხარეს მანამ, სანამ ისლამაბადი ავღანელებისთვის სავიზო ვალდებულებებს არ გააუქმებს ან შეამსუბუქებს.


მას შემდეგ რაც აშშ-ს სამხედრო ძალებმა ავღანეთის დატოვება დაიწყეს, ქვეყანაში გამწვავდა დაძაბულობა თალიბანსა და ავღანეთის სამთავრობო ძალებს შორის. 

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან ბევრად უფრო ადრე სრულდება.

კომენტარები