ავღანეთი

შეიარაღებული პირები ქაბულში ავღანეთის თავდაცვის მინისტრის სახლს თავს დაესხნენ

Getty Images

შეიარაღებული პირები ავღანეთის დედაქალაქში თავდაცვის მინისტრის, ბისმილაჰ ხან მუჰამედის, სახლს თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. თავდაცვის მინისტრი თავდასხმის დროს სახლში იყო.

თავდამსხმელებმა მანქანაში არსებული ბომბი ააფეთქეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყეს. სამართალდამცველებმა ბისმილაჰ ხან მუჰამედის ოჯახი სახლიდან უსაფრთხოდ გაიყვანეს, ხოლო 4 თავდამსხმელი მოკლეს.

უშიშროების სამსახურების ინფორმაციით, თავდასხმის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა. ხოლო იტალიური არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად, 11 დაშავებული ადამიანი ქაბულის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით ასეთი თავდასხმები თალიბანს ახასიათებს.

ავღანეთში მთავრობის ძალებსა და თალიბანს შორის დაპირისპირება გამწვავდა. ჰელმანდის პროვინციაში მხარეებს შორის მწვავე შეტაკებები გრძელდება. გაეროს თანახმად ჰელამნდის პროვინციის დედაქალაქ ლაშქარგაჰში 40 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ავღანეთის არმიამ თალიბანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ლაშქარგაჰის მოსახლეობას ქალაქის ევაკუაციისკენ მოუწოდა. ქალაქში დაპირისპირება რამდენიმე დღეა გრძელდება. თალიბანის ძალებისთვის ქალაქის აღება მნიშვნელოვანი სიმბოლური და სტრატეგიული წარმატება იქნება. ჰელმანდის პროვინცია აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო კამპანიის ცენტრში იყო.

თალიბანსა და ავღანეთის სამხედრო ძალებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც საერთაშორისო სამხედრო ძალებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს.

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. 

თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან ბევრად უფრო ადრე სრულდება. 

პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდება, უერთდება ავღანეთის სამთავრობო ძალებს და თალიბანთან ბრძოლისთვის ემზადება, თუკი ეს საჭირო გახდება.

კომენტარები