ავღანეთი

თალიბებმა ავღანეთის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი მოკლეს

თალიბები
dw.com

თალიბანმა ავღანეთის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დავა ხან მენაპალის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო.

შემთხვევა დაგმო აშშ-მ. 

დავა ხან მენაპალი სამთავრობო მედიისა და ინფორმაციის ცენტრის დირექტორი იყო. 

"ის იყო ახალგაზრდა კაცი, რომელიც მტრის პროპაგანდის წინააღმდეგ მთასავით იდგა და რომელიც [ავღანეთის მთავრობის] რეჟიმის უმთავრესი მხარდამჭერი იყო" – თქვა ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ხან მენაპალზე. 

ბოლო რამდენიმე თვეა, რაც თალიბანის სამიზნეები ხდებიან მედიის წარმომადგენლები, აშშ-ს სამხედროების ავღანელი თარჯიმნები, ავღანელი პილოტები და კომიკოსებიც კი. 

თალიბანის სპიკერის თქმით, დავა ხან მენაპალი საკუთარი ქმედებების გამო დასაჯეს. 

პრესსამსახურის ხელმძღვანელის გარდა, ხუთშაბათს თალიბებმა ქაბულში მოკლეს საიედ აბადის რაიონის მერი. 


აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. 

თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან ბევრად უფრო ადრე სრულდება. 

პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდება, უერთდება ავღანეთის სამთავრობო ძალებს და თალიბანთან ბრძოლისთვის ემზადება, თუკი ეს საჭირო გახდება.

კომენტარები