ავღანეთი

ბაიდენი: ამერიკული სამხედრო მისია ავღანეთს დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დატოვებს

ჯო ბაიდენი

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკული სამხედრო მისია ავღანეთის ტერიტორიას დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დატოვებს

დაჩქარების მიზეზი რეგიონში არსებული დაძაბული სიტუაცია და სამოქალაქო ომის დაწყების მზარდი საფრთხეა. 

"ჩვენ ავღანეთში სახელმწიფოს შესაქმნელად არ წავსულვართ. ავღანელი ხალხის უფლება და პასუხისმგებლობაა, თავად გადაწყვიტონ თავიანთი ქვეყნის მომავალი". – თქვა ჯო ბაიდენმა. 

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროების ავღანეთში დარჩენით ქვეყნის მომავალი კურსი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება და მათი იქ დარჩენა გაუმართლებელია. 

თუმცა, ბაიდენის აზრით, აშშ-მ შეასრულა თავისი საწყისი მიზანი, რაც ალ-კაიდას დასუსტებასა და ბინ ლადენის ლიკვიდაციას გულისხმობდა. 

"თითქმის 20-წლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დამატებით ერთი წლით ავღანეთში ბრძოლა გამოსავალი არ არის". 

აშშ უზრუნველყოფს იმ ავღანელების უსაფრთხოებას, რომლებიც წლების განმავლობაში ამერიკულ შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობდნენ. გარდა ამისა, დაჩქარდება მათთვის ვიზების მიცემის პროცესი. 


ავღანეთის ეროვნულმა გვარდიამ 8 ივლისს, თალიბანთან შეტაკების შემდეგ ბადღისის პროვინციის დედაქალაქი, ქალა-ი-ნაუ დაიბრუნა

ბადღისის პროვინცია თურქმენეთს ესაზღვრება. თალიბანმა პროვინციის დედაქალაქი ოთხშაბათს, 7 ივლისს დაიკავა და მხოლოდ რამდენიმე საათით შეძლო მისი გაკონტროლება. თალიბანის ბოლო თავდასხმებში პროვინციის დედაქალაქის დაკავება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაწინაურება იყო.


აშშ-მ ავღანეთში საკუთარი სამხედრო კამპანია ფაქტობრივად დაასრულა და მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. 

თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან თითქმის 2 თვით ადრე სრულდება. 

პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდება, უერთდება ავღანეთის სამთავრობო ძალებს და თალიბანთან ბრძოლისთვის ემზადება, თუკი ეს საჭირო გახდება.

კომენტარები