ავღანეთი

ხოშტარია: ქაბულში ჩარჩენილი 22 ქართველი გამოყვანას ითხოვს

დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ქაბულში მყოფი საქართველოს 22 მოქალაქე ქვეყნიდან გამოყვანას ითხოვს, ხვალ, 16 აგვისტოს კი აეროპორტი იკეტება.

"ქაბულში არის ჩარჩენილი 22 ქართველი, ვინც ითხოვს გამოყვანას. ხვალ აეროპორტი იკეტება ჩემი ინფორმაციით". – წერს ელენე ხოშტარია.

ტაბულა ავღანეთში მყოფი ქართველების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ ამჟამად ინფორმაციას ელოდებიან და დეტალებს აზუსტებენ. მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ

კვირას, 15 აგვისტოს, თალიბანის მებრძოლები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ. ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალური პირის თანახმად, ქალაქში თალიბანის მებრძოლები "ყოველი მხრიდან" შედიოდნენ.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა და ტაჯიკეთში გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ავღანეთის ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

The Associated Press-ს ავღანეთის მთავრობის თანამდებობის პირებზე დაყრდნობით წერს, რომ თალიბანის მებრძოლები დედაქალაქ ქაბულის კალაკანის, ქარაბაღის და პაღმანის რაიონებში არიან შესული.

BBC-ის ჟურნალისტი იალდა ჰაკიმი წერს, რომ თალიბანის მებრძოლები ქალაქში ძლიერ წინააღმდეგობას არ აწყდებიან. BBC-ს ინფორმაციით, თალიბანმა თავის მებრძოლებს ქაბულში ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ქალაქიდან უცხოელი დიპლომატების ევაკუაცია გრძელდება.

დღეს თალიბანმა მორიგი პროვინციის დედაქალაქი დაიკავა. პროვინცია ნანგარჰარის დედაქალაქი ჯალალაბადი დაჯგუფებამ უბრძოლველად აიღო. პროვინციის გუბერნატორმა თალიბანს ქალაქზე კონტროლი გადასცა.

გუშინ, 14 აგვისტოს, თალიბანმა დაიკავა ქაბულის მოსაზღვრე პროვინციის, ლოგარის მთავარი ქალაქი პულ-ე-ალამი, რომელიც დედაქალაქიდან 70 კილომეტრში მდებარეობს და ერთგვარ კარიბჭეს წარმოადგენს ქაბულამდე მისაღწევად. ჯერჯერობით ქაბული სტრატეგიული მნიშვნელობის მთავარ ქალაქად რჩება, რომელიც დაჯგუფებას ჯერ არ აუღია.

12 აგვისტოს, თალიბებმა ავღანეთის სიდიდით მესამე ქალაქი, ჰერათი დაიკავეს, რომელიც ამავე სახელის პროვინციის დედაქალაქია. გასულ კვირას  დაჯგუფებამ ორ დღეში ორი პროვინციის დედაქალაქი აიღო. 6 აგვისტოს თალიბანმა დაიკავა ნიმროზის პროვინციის დედაქალაქი, ზარანჯი, 7 აგვისტოს კი ჯუზჯანის პროვინციის დედაქალაქი – შებერღანი. 

6 აგვისტოს თალიბანმა ავღანეთის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დავა ხან მენაპალის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო. ბოლო რამდენიმე თვეა, რაც თალიბანის სამიზნეები ხდებიან მთავრობის წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები, აშშ-ს სამხედროების ავღანელი თარჯიმნები, ავღანელი პილოტები და კომიკოსებიც კი. 

6 აგვისტოს თალიბანმა ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე მთავარი გამშვები პუნქტი ჩაკეტა და გამოაცხადეს, რომ არავის გადაუშვებენ მეორე მხარეს მანამ, სანამ ისლამაბადი ავღანელებისთვის სავიზო ვალდებულებებს არ გააუქმებს ან შეამსუბუქებს.


მას შემდეგ რაც აშშ-ს სამხედრო ძალებმა ავღანეთის დატოვება დაიწყეს, ქვეყანაში გამწვავდა დაძაბულობა თალიბანსა და ავღანეთის სამთავრობო ძალებს შორის. 

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან ბევრად უფრო ადრე სრულდება.

კომენტარები