ავღანეთი

თალიბანმა 2 დღეში 2 პროვინციის დედაქალაქი დაიკავა

Allauddin Khan/AP

6 აგვისტოს თალიბანმა დაიკავა ნიმროზის პროვინციის დედაქალაქი, ზარანჯი, დღეს, 7 აგვისტოს კი ჯუზჯანის პროვინციის დედაქალაქი – შებერღანი. ზარანჯი ავღანეთის მთავრობისთვის დიდი ეკონომიკური მნიშვნელობის ქალაქი იყო. 

თალიბანმა შებერღანზე შეტევა დილის ოთხ საათზე დაიწყო და ქალაქი პირველი საათისთვის დაიკავა. 

ავღანეთის ეროვნული არმიისა და მოქალაქე მოხალისეთა დანაყოფებმა ქალაქის აეროპორტისკენ დაიხიეს. აეროპორტი ქალაქში ჯერ კიდევ მთავრობის მიერ კონტროლირებადი ობიექტებიდან ერთ-ერთია. 

ასევე, 7 აგვისტოს თალიბანმა პასუხისმგებლობა აიღო ავღანეთის საჰაერო ძალების პილოტის, ჰამიდულლაჰ აზიმის აფეთქებაზე. ბომბი, რომელმაც პილოტი იმსხვერპლა, მის მანქანაზე იყო დამონტაჟებული. შემთხვევა ავღანეთის დედაქალაქის, ქაბულის ერთ-ერთ რაიონში მოხდა. 

გუშინ, 6 აგვისტოს თალიბანმა პასუხისმგებლობა აიღო ავღანეთის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დავა ხან მენაპალის მკვლელობაზეც.

ბოლო რამდენიმე თვეა, რაც თალიბანის სამიზნეები ხდებიან მედიის წარმომადგენლები, აშშ-ს სამხედროების ავღანელი თარჯიმნები, ავღანელი პილოტები და კომიკოსებიც კი. 


აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. 

თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან ბევრად უფრო ადრე სრულდება. 

პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდება, უერთდება ავღანეთის სამთავრობო ძალებს და თალიბანთან ბრძოლისთვის ემზადება, თუკი ეს საჭირო გახდება.

კომენტარები