არჩევნები 2021

ლელო: თუ ოცნება 43%-ზე ნაკლების მიღებისას ვადამდელს არ დანიშნავს, პარლამენტს დავტოვებთ

ფრაქცია ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის განცხადებით, თუ ქართული ოცნება შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლების მიღების შემთხვევაში ვადამდელ არჩევნებს არ დანიშნავს, ფრაქციის წევრები პარლამენტს დატოვებენ.

"ვაცხადებთ, რომ, თუ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული შედეგის დადგომის შემდეგ ქართული ოცნება მაინც შეეცდება, თავი აარიდოს სრულად პროპორციული ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, ფრაქცია ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის წევრები დავტოვებთ პარლამენტს და, დარწმუნებული ვართ, ეს იქნება სრულიად ოპოზიციის გადაწყვეტილებაც. ეს იქნება ვადამდელი არჩევნებისკენ გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯი. განსხვავებით 2020 წლის ნოემბრისა, ამჯერად მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მოთხოვნის შესრულებას უზრუნველყოფს შარლ მიშელის შეთანხმების ერთგული საერთაშორისო საზოგადოების ასევე მკაფიო მხარდაჭერა. ასეთი ცალსახა და ერთსულოვანი საშინაო და საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ მოქცეული პოლიტიკურ-სამართლებრივი ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე ერთპარტიული პარლამენტი აუცილებლად დაიშლება და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები". – ნათქვამია ფრაქციის განცხადებაში. 

ლელო -პარტნიორობა საქართველოსთვის  მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ თუ ახლავე არ გამოაცხადა პარლამენტის დატოვების მზაობა, საზოგადოების ნაწილში სათანადო მოტივაცია არ იქნება, დასავლელი პარტნიორების ნაწილმა, შეიძლება, ჩათვალოს, რომ მმართველი პარტია "თავისას გაიტანს".

"დღეს არის ბრძოლა არა მხოლოდ მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის, არა მხოლოდ ვადამდელი არჩევნებისთვის, არამედ დღეს არის ბრძოლა რუსეთის ორბიტაზე ქვეყნის უვადოდ დაბრუნების მცდელობის წინააღმდეგ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ დღეს, ყველა ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ამოცანების გარშემო უნდა გაერთიანდეს. ამ ხელშეკრულებამ გზა გაუხსნა ქვეყანაში ხელისუფლების დემოკრატიული არჩევნებით შეცვლას და ჩვენს ევროპულ მომავალს. შეთანხმების შესრულებაზე უარი ჩვენი ევროპული არჩევანის უარყოფაა, შესაბამისი პოლიტიკური შედეგებით". – ნათქვამია განცხადებაში. 

ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

შეთანხმების ანულირების შემდეგ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ის პარლამენტს დატოვებს, ვინაიდან "არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულებები", ბოიკოტის დასრულებასა და ოპოზიციის პარლამენტში შესვლას კი სწორედ ეს შეთანხმება ითვალისწინებდა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ცნობით, ის საპარლამენტო მანდატს დატოვებს, ვინაიდან სრულად იქნება გადართული თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც ის ოპოზიციის ნაწილის მერობის საერთო კანდიდატია, თუმცა, მისი "პრინციპული თხოვნით", ენმ-ს წევრები პარლამენტში "ფორმალურად" დარჩებიან. 

რაც შეეხება ლელოს, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტია პარლამენტში ყოფნას გააგრძელებს. პარლამენტში დარჩება სტრატეგია აღმაშენებელიც

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა – ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის.  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

კომენტარები