არჩევნები 2021

არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება კვლავ პრობლემურია – TI-ის ანგარიში

ტაბულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ საბოლოო ანგარიში წარადგინა. ორგანიზაციის ინფორმაციით, დაკვირვებამ აჩვენა, რომ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საქართველოსთვის კვლავ პრობლემურია. TI-ის დასკვნით, მნიშვნელოვან გამოწვევებს შორის აღსანიშნავია:

  • საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებზე პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლის, სამსახურიდან გათავისუფლების და ოპოზიციური პარტიების კანდიდატების შევიწროების სავარაუდო შემთხვევების არაეფექტიანი გამოძიება;
  • საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოების პოლიტიზების მაღალი ხარისხი და მათ მიერ საარჩევნო დავების არაეფექტიანად და არაკეთილსინდისიერად წარმართვა;
  • როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეზე საჯარო სამსახურების პოლიტიზება და მმართველი პარტიის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა საარჩევნო კამპანიაში მასშტაბური ჩართვა;
  • საბიუჯეტო პროგრამების ვიწროპარტიული მიზნით გამოყენება და სხვა.

ორგანიზაციის ანგარიშში მოცემულია აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების ფაქტები:

  • 2021 წლის ივნისიდან რეგულარულად ვრცელდებოდა ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ შექმნილი პარტიის საქართველოსთვის მხარდამჭერების საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ან/და მათზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ. აგვისტო-ოქტომბერში საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ არაერთი მსგავსი ფაქტი შეისწავლა – 17 პირის შემთხვევაში გამოიკვეთა პოლიტიკური ნიშნით შევიწროების გარკვეული ნიშნები. ზოგიერთმა დაზარალებულმა საკუთარი ინტერესების დაცვა სასამართლოს გზით სცადა, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც იცავდა 4 პირის ინტერესებს, თუმცა სასამართლოებში საქმეთა უმრავლესობა კვლავ განუხილველია;
  • სექტემბრის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა, არაერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია საუბრობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების მხრიდან საარჩევნო სიებში მათი კანდიდატების მიმართ განხორციელებული ზეწოლის სავარაუდო ფაქტების შესახებ, რომლის მთავარი მიზანი, მათი აზრით, მმართველ პარტიისთვის კონკურენტების ჩამოშორება იყო. ასეთი ცნობების სიმრავლით პარტია საქართველოსთვის გამოირჩეოდა, რომლის წარმომადგენლების განცხადებით, ასპინძაში, ახალქალაქში, ახმეტაში, ახალციხეში, მარნეულში, ყაზბეგში, ხელვაჩაურში, თეთრიწყაროში, წალენჯიხაში, ტყიბულში, ნინოწმინდაში, ადიგენში, კასპში, წყალტუბოში 22 ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. მსგავს შემთხვევებზე საუბრობდნენ პარტია გირჩი – მეტი თავისუფლებისა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლებიც. თუმცა, მათი თქმით, რეგისტრაციიდან მოხსნილ პირებს შიშის გამო საუბარი და ასეთი ფაქტების დადასტურება არ სურდათ, შესაბამისად, მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელი იყო. აჭარაში პარტია საქართველოსთვის ორმა კანდიდატმა და სამტრედიაში „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთმა კანდიდატმა  ისაუბრა მხოლოდ საჯაროდ მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ პირებმა გამოკითხვის დროს უარყვეს ზეწოლის ფაქტი. ზოგიერთ საარჩევნო ოლქში საკმარისი კანდიდატების არარსებობის გამო პარტიული სიების გაუქმების საშიშროება გაჩნდა. ამ საფრთხეზე ადეკვატური რეაგირება ჰქონდა ცესკოს, რომელმაც 7 სექტემბერს მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი განცხადებით კანდიდატურების მოხსნის გამო პარტიულ სიაში არსებულ კანდიდატთა რაოდენობა პროპორციული სისტემით ასარჩევ წევრთა რაოდენობაზე ნაკლები იქნებოდა, პარტიული სიის რეგისტრაცია აღარ გაუქმდებოდა;
  • სექტემბრის მეორე ნახევარსა და ოქტომბერში დმანისსა და რუსთავში სამი ძალადობრივი ინციდენტი დაფიქსირდა, რომლის დროსაც დაზიანებები მიაყენეს ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს. პოლიციამ დმანისის შემთხვევაში მოძალადე მალევე დააკავა, რუსთავში მომხდარ ფაქტებზე დაიწყო გამოძიებები;
  • აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულმა, სუს-ის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამხარეო ხელმძღვანელებმა ადგილობრივ ბიზნესმენებს სავარაუდოდ დაავალეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ თანხის შეწირვა. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2-16 აგვისტოს პერიოდში მმართველ პარტიას სამცხე-ჯავახეთიდან 87-მა ფიზიკურმა და 5-მა იურიდიულმა პირმა ჯამში 714,000 ლარი შესწირა. ასეთ მოკლე დროში ერთი გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული შემოწირულებების ეს ოდენობა საკმაოდ უჩვეულოა და შესაძლოა, წარმოადგენდეს გავრცელებული ინფორმაციის არაპირდაპირ მტკიცებულებას. გარდა ამისა, 4 სექტემბერს ტელეკომპანია პირველის ეთერშიც გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტებთან საუბარში შემომწირველების ნაწილმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, ზემოთ ნახსენები შეხვედრები და გარემოებები. განხორციელებული შემოწირულებების კანონიერება საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რომლის ინფორმაციითაც, დარღვევა არ გამოვლენილა. თუმცა ამ შემთხვევაში აშკარად გამოკვეთილი იყო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. მიუხედავად ამისა, ჩვენი ინფორმაციით, პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია;
  • ოქტომბრის ბოლოს, არჩევნების მეორე ტურის წინ, ხობში სპეცოპერაციის შედეგად, საკუთარ სახლში დააკავეს შსს-ს ყოფილი თანამშრომელი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ლექსო რაფავა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვის ბრალი წარუდგინეს.  ოპოზიციურ პარტიაში დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს ქმედება პოლიტიკურ დევნას წარმოადგენდა;
  • 1 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის მეორე დღეს, ქუთაისის საარჩევნო ოლქის 90-ე საარჩევნო უბნის ერთ-ერთმა წევრმა, იზა ჩირგაძემ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისი მერობის კანდიდატთან ერთად ბრიფინგი გამართა და მასზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. ბრიფინგის ჩატარებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ჩირგაძე გაუჩინარდა და კომუნიკაცია შეწყვიტა როგორც მედიასთან, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან. მოგვიანებით ჩირგაძემ მედიას კომენტარი მისცა და უარყო მასზე რაიმე სახის ზეწოლის განხორციელების ფაქტი;
  • არჩევნებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის ნიშნების შემცველ სავარაუდო ფაქტებზე საგამოძიებო უწყებების მიერ მიღებული ზომების, მათ შორის დაწყებული გამოძიებების შესახებ სრული ინფორმაცია არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც გენერალურ პროკურატურას არ გაუვრცელებია. სამინისტრომ მხოლოდ არჩევნების დღეს მომხდარ ფაქტებზე და გამოძიებებზე არსებული მოკლე ინფორმაცია წარადგინა, თუმცა საზოგადოებისთვის არ უცნობებია სხვა პერიოდში მომხდარი ფაქტების გამოძიების მიმდინარეობასა და შედეგებზე. არჩევნებში ჩართულ მხარეებს ცალკეული ინფორმაციის მიღების საშუალება იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილი „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი” კომისიის სხდომებზე ჰქონდათ. კერძოდ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები არჩევნებთან დაკავშირებულ პოტენციურ დარღვევებზე საპასუხოდ მათ მიერ მიღებულ ზომებზე უწყებათშორის კომისიას აწვდიდნენ ინფორმაციას. არც უწყებათაშორის კომისიას წარუდგენია ანგარიში საკუთარი საქმიანობის შესახებ;
  • ივნისსა და ივლისში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ორი ახალი წევრის შერჩევის პროცესი მიმდინარეობდა. შერჩევის ყველა ეტაპი ისე წარიმართა, რომ მმართველმა პარტიამ უბრალო საპარლამენტო უმრავლესობით თანამდებობებზე მისთვის სასურველი ისეთი კანდიდატურები დაამტკიცა, რომლებსაც ოპოზიციის მხარდაჭერა არ ჰქონდათ;
  • 2021 წლის საარჩევნო რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები საარჩევნო საჩივრების ელექტრონული ფორმით წარდგენის შესაძლებლობა იყო. ამ რეფორმის შედეგად, ჩართულ მხარეებს მნიშვნელოვნად გაუიოლდათ საარჩევნო დავების წარმოება. თუმცა, მთლიანობაში საარჩევნო დავების განხილვის კუთხით კვლავ ბევრი პრობლემა გამოიკვეთა როგორც არჩევნების პირველი, ისე მეორე ტურის დროს. ზოგიერთ შემთხვევაში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ საარჩევნო კომისიები და სასამართლოები საქმეზე ჭეშმარიტების დადგენით არ იყვნენ დაინტერესებული და ისეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც დარღვევის ამსახველი ვიზუალური მტკიცებულება არსებობდა, ისინი არ იღებდნენ შესაბამის გადაწყვეტილებას, რამაც მთლიანად სისტემის პოლიტიზების მაღალი ხარისხი გამოკვეთა;
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ სულ ორივე არჩევნებზე ჯამში 107 საჩივარი/სარჩელი შეიტანა სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიასა და ინსტანციის სასამართლოში. მათგან 17 დაკმაყოფილდა, ხოლო 14 საჩივარი, რომლითაც შემაჯამებელ ოქმში მნიშვნელოვანი დისბალანსების გამო შედეგების ხელახალ გადათვლას ვითხოვდით, საოლქო საარჩევნო კომისიებს სხვა ორგანიზაციების საჩივრების ფარგლებში ან შემთხვევითი შერჩევით უკვე ჰქონდა გადათვლილი. 76 საჩივარი/სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საჩივრებისა და სარჩელების განხილვის ხარისხი არჩევნების პირველი ტურის დროს უარესი იყო, ვიდრე მეორე ტურისას;
  • 2021 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საარჩევნო კომისიებს გაუჩნდათ ვალდებულება ხელახლა გადაეთვალათ ზოგიერთი საარჩევნო უბნის შედეგები. არჩევნების პირველი ტურის შემდგომ დღეებში საოლქო საარჩევნო კომისიებმა მთლიანობაში 812 უბანზე გადათვალეს მონაცემები, ეს კი საარჩევნო უბნების საერთო რაოდენობის დაახლოებით 22% იყო. რაც შეეხება მეორე ტურს, 30 ოქტომბრის შემდეგ სულ გადაითვალა 274 უბნის შედეგი, რაც უბნების საერთო რაოდენობის დაახლოებით 15% იყო. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო პირველი ტურის დროს გადათვლას არ დაჰკვირვებია, ხოლო მეორე ტურის შემდეგ 6 მუნიციპალიტეტში მიადევნა ამ პროცესს თვალი. ორგანიზაციის მონიტორებმა არაერთი ხარვეზი თუ შეგნებული დარღვევა გამოავლინეს დაკვირვების პროცესში. კერძოდ, ზოგიერთ ოლქში კონფლიქტური გარემო იყო და დამკვირვებლებს არ ეძლეოდათ პროცესზე ზედამხედველობის საშუალება; რამდენიმე ოლქში ბიულეტენების გადათვლის პროცესს, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, სათანადოდ არ აღბეჭდავდნენ ვიდეოკამერაზე; თითოეულ კომისიაში ყველა უბნის გადათვლა პარალელურად ხდებოდა, რაც დაკვირვების პროცესს ართულებდა; არცერთ ოლქში არ გახსნილა სამაგიდო სიები და არ გადათვლილა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა, ანუ კომისიებმა მხოლოდ ბიულეტენები გადათვალეს; ზოგიერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ კი ხმები ბიულეტენების დასტების გახსნის გარეშე გადათვალა;  
  • ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საკრებულოების პირველი სხდომები ერთსა და იმავე დღეს 3 დეკემბერს დანიშნა, რის შედეგადაც, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მეორე ტურები არ გამართულა და არჩევნების საბოლოო შედეგები 16 ოქტომბერს შეჯამდა, პირველი სხდომის დანიშვნისთვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა გაშვებულ იქნა, რაც კანონის დარღვევას წარმოადგენს. გარდა ამისა, იმ მუნიციპალიტეტებშიც კი სადაც მეორე ტური ჩატარდა და არჩევნების შედეგები 13 ნოემბრამდე შეჯამდა, არაგონივრული იყო ხანგრძლივი ლოდინი და პირველი სხდომების 3 დეკემბერს დანიშვნა. ასეთი გადაწყვეტილებები, ასევე, ეწინააღმდეგებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წინა ორ ადგილობრივ არჩევნებზე დადგენილ პრაქტიკას. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ კომისიამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კონტექსტს მოარგო და საკრებულოების პირველი სხდომების გვიანი ჩანიშვნით მმართველი პარტიის კონტროლირებად ძველ საკრებულოებს შესაძლებლობა მისცა, შემდეგი წლის ბიუჯეტი ახლის შეკრებამდე დაემტკიცებინათ.

TI-მ ასევე გამოავლინა სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების ფაქტები: 2021 წლის 28 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელთა მიზანიც საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება იყო. სამუშაო პროცესი რამდენიმე თვეს გაგრძელდა და დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში, ასევე, აისახა პოლიტიკურ პარტიებს შორის 2021 წლის 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებებიც. პოზიტიური ცვლილებებთან ერთად, კანონში შევიდა რამდენიმე ისეთი უარყოფითი დებულება, რამაც რეფორმის მნიშვნელობა დააკნინა და მმართველი პარტიის ინტერესებს მოარგო. კერძოდ, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესში გათვალისწინებულმა დროებითმა რეგულაციამ საპარლამენტო კენჭისყრებს შორის ვადები შეამცირა, რითაც შესაძლებელი გახდა, მმართველ პარტიას ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე დაემტკიცებინა სასურველი კანდიდატები. კიდევ რამდენიმე დროებითმა რეგულაციამ კი ორ ოპოზიციურ პარტიას უსამართლოდ ჩამოართვა საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნის უფლება;

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონშიც განხორციელდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელმაც საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება დაკარგა. აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკანონმდებლო ცვლილება ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა უარყოფითად შეაფასა.

ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება:

  • საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრებს აქტიურად ესწრებოდნენ. ეს შემთხვევები საყურადღებოა იმ გარემოების გამო, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები ამა თუ იმ ფორმით პოლიტიკური თანამდებობის პირებზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული არიან, შესაბამისად, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ ისინი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში. ამით შესაძლოა ირღვეოდეს საარჩევნო კოდექსის ის ჩანაწერი, რომელიც" კრძალავს სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას". საარჩევნო კამპანიისთვის საჯარო მოსამსახურეთა მსგავსი კონცენტრაცია, კანონის პირდაპირი დარღვევაც რომ არ იყოს, მინიმუმ იგი ხელს უწყობს საჯარო სამსახურის უკიდურეს პოლიტიზებას, რაც მიუღებელია;
  • გამოვლინდა სამსახურებრივი ნიშნით ზოგიერთ საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლებთან სააგიტაციო შეხვედრების ორგანიზების სავარაუდო შემთხვევები, რაც ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით კანონდარღვევას წარმოადგენს. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ასეთ შემთხვევაზე შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრითაც მიმართა, რომელთაგან მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა, რომელიც ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ეხებოდა.  

ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება:

  • საქართველოს საარჩევნო კოდექსი კრძალავს არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელებას, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ასევე, იგივე პერიოდში აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა. საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა ცენტრალური ან ადგილობრივ ბიუჯეტის ისეთი ცვლილება, რომლითაც დაირღვეოდა საარჩევნო კოდექსის ზემოთ აღნიშნული რეგულაცია;
  • საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ 17 სახელმწიფო პროგრამა/ინიციატივა გამოარჩია, რომელიც საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯებად შეიძლება იყოს მიჩნეული.

ორგანიზაციის ანგარიშს ასევე თან ერთვის რეკომენდაციები:

  • საარჩევნო პერიოდში საგამოძიებო ორგანოებმა მაქსიმალურად სწრაფად და მიუკერძოებლად უნდა გამოიძიონ არჩევნებში ჩართული მხარეების წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო ძალადობის, ზეწოლის და სხვა დანაშაულის ნიშნების შემცველი საქმეები;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო პროაქტიულად და ოპერატიულად უნდა აქვეყნებდეს ინფორმაციას, არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ;
  • საარჩევნოდ დარეგისტრირებულ კანდიდატებზე ზეწოლის მოხდენის საფრთხის შესამცირებლად სასურველია, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება და კანდიდატთა დარეგისტრირების ბოლო ვადის გასვლის შემდეგ (არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღე) წარმდგენი პარტიის თანხმობის გარეშე აღარ იყოს შესაძლებელი, როგორც პარტიული ისე მაჟორიტარობის კანდიდატთა სიიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება;

TI-ის რეკომენდაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში არჩევნების შედეგების გადათვლის პროცესი მეტ რეგულირებას საჭიროებს:

  • პირველ რიგში, მოწესრიგებული არ არის ამ პროცესში დაინტერესებული პირის მხრიდან საჩივრის შედგენის პროცედურა, რაც დადგენილებით უნდა დარეგულირდეს;
  • ასევე, დადგენილებით უნდა განისაზღვროს ვალდებულება, რომ კომისიამ გადათვალოს საარჩევნო უბნიდან შემოსული საარჩევნო დოკუმენტაცია სრულად, მათ შორის სამაგიდო სიების ჩათვლით, და არა მხოლოდ ნამდვილი და ბათილი ბიულეტენები;
  • ცალსახად და არაორაზროვნად უნდა განისაზღვროს საეჭვო ბიულეტენთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესი, რათა აღმოიფხვრას არაერთგვაროვანი მიდგომის საფრთხე;
  • ოლქებში უბნების პარალელურად დათვლის პრაქტიკა გადასახედია, რადგან ამ შემთხვევაში მცირდება პროცესზე სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობა.
  • ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკრებულოების პირველი სხდომები უნდა მოიწვიოს არჩევნების შეჯამებიდან რაც შეიძლება სწრაფად და კანონით დადგენილი ვადებში, რათა კანონი არ დაირღვეს და არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ კომისია გადაწყვეტილებებს პოლიტიკური მოტივებით იღებს;
  • პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა დაკარგოს კუთვნილი სახელმწიფო დაფინანსება იმისდა მიუხედავად, იგი საპარლამენტო მანდატებს გამოიყენებს თუ არა, ვინაიდან პარტიის დაფინანსება მის მიერ არჩევნებზე მიღებულ შედეგებზე უნდა იყოს დამოკიდებული და არა – საპარლამენტო საქმიანობაზე;
  • პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების საარჩევნო აგიტაციაში მათი ნების საწინააღმდეგოდ ჩართვისგან;
  • საჭიროა გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომლებიც მოექცევიან საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლი პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში, რითაც იკრძალება სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას. კანონმა მაქსიმალურად უნდა მოიცვას ყველა ის თანამდებობის პირი, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციაში არის დასაქმებული და აქვს გარკვეული ბერკეტები სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გავლენა მოახდინოს ადამიანების ნების თავისუფალ გამოვლენაზე.
  • ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მასშტაბური სოციალური პროგრამების ინიციირებისგან, რათა ზიანი არ მიადგეს საარჩევნო სუბიექტებს შორის ჯანსაღ კონკურენციას.

კომენტარები