არჩევნები 2021

"საკრებულოებში ვმოქმედებთ ძალაუფლების ბალანსისთვის" – სად ასახელებს გახარია კანდიდატებს

"ვმოქმედებთ ძალაუფლების დაბალანსებისთვის". - პარტიამ საქართველოსთვის გეგმა წარადგინა, თუ რომელ საკრებულოებში დაასახელებენ თავმჯდომარეობის საკუთარ კანდიდატებს და დაუჭერენ თუ არა მხარს სხვა პარტიების წარმომადგენლებს.

"უნდა აღინიშნოს, რომ მიზანი, რომელსაც ჩვენი გეგმა ეფუძნება, არის საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩვენთვის მონიჭებული უფლებამოსილება, ვიმოქმედოთ ძალაუფლების დაბალანსების პრინციპის უზრუნველსაყოფად და იქ, სადაც ეს ბერკეტი გაგვაჩნია, არცერთ პარტიას არ მივცეთ ერთპარტიულად და ერთპიროვნულად საკრებულოების მართვისა და კრიზისის შექმნის შესაძლებლობა. პირიქით, ვიმოქმედებთ მუნიციპალიტეტის და იქ მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად.  

იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან, სადაც ჩვენს პარტიას გააჩნია გადამწყვეტი ხმები, დღეს პირველ სხდომაზე საკრებულოების თავმჯდომარეების კანდიდატებად ჩვენს წარმომადგენლებს ვასახელებთ მხოლოდ მარტვილსა და რუსთავში. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, სადაც ასევე გვაქვს გადამწყვეტი ხმები, ეს არის ზუგდიდის, სენაკის, ჩხორუწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, დავესწრებით სხდომებს, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარეების, მათი მოადგილეების არჩევისა და კომისიების დაკომპლექტების პროცედურაში დღეს მონაწილეობას არ მივიღებთ". - ამბობს ბერდია სიჭინავა.   

სიჭინავას თქმით, სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც არ აქვთ ხმების საკმარისი რაოდენობა, გადამწყვეტი ხმები, თუმცა, აქვთ ხმების საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ დაასახელონ საკრებულოს თავმჯდომარეობის მათი კანდიდატები, დღესვე, ახალარჩეული საკრებულოების პირველივე სხდომაზე წარადგენენ თავიანთ კანდიდატებს საკრებულოების თავმჯდომარეებისა და სხვა პოზიციების დასაკავებლად. 

პარტიაში ასევე ამბობენ, რომ ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სადაც აქვთ ხმების საკმარისი რაოდენობა, ფრაქციებს შექმნიან.  

"იმ საკრებულოებში, სადაც ჩვენი კანდიდატები მოიპოვებენ ხმების საკმარის რაოდენობას საკრებულოს თავმჯდომარის თუ სხვა პოზიციის დასაკავებლად, ჩვენი მოქმედების პრინციპი იქნება ძალაუფლების ბალანსი და დაეფუძნება ამ მუნიციპალიტეტის და იქ მცხოვრები მოსახლეობსი ინტერესებისა და ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ ძალთა ბალანსს". - ამბობენ პარტიაში.  

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა 7 საკრებულოში დაკარგა და შვიდივეში გახარიას პარტიას გადამწყვეტი ხმა აქვს. 

ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა დღეს, 3 დეკემბერს გაიმართება. 

კომენტარები