შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

მელია: არჩევნების ბოიკოტზე სიტყვა არავინ უნდა დაძრას

ტაბულა

"არჩევნების ბოიკოტზე სიტყვა არავინ უნდა დაძრას". - ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნებსა და ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებაზე საუბრისას. 

"შევდივართ ბრძოლაში, ბრძოლაში ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამ ქვეყნის, ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის. უკვე დამარცხებული ქართული ოცნების გაფორმება უნდა მოხდეს 2 ოქტომბერს. არანაირი სიტყვა არავინ არ უნდა დაძრას ბოიკოტთან დაკავშირებული, რომელიც მიმართულია არჩევნებისკენ. ეს არის ქართული ოცნების ოცნება, რომ ქართველმა ხალხმა ფარ-ხმალი დაყაროს და ხელი შეუწყოს ქართულ ოცნებას პოლიტიკური კურსის ცვლილების დანაშაულებრივ საქმეში. 

ეს არის ცხადზე უცხადესი, სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ძალა არის ჩვენს მხარეს, რიცხოვნობა არის ჩვენს სასარგებლოდ. მაშ, რაშია საქმე? რწმენაშია საქმე? სად არის რწმენა? რწმენაც აქ არის. თითოეულ ხმას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა". - ამბობს მელია. 

ნიკა მელიამ პარლამენტი დატოვა. მისივე თქმით, ენმ-ის წევრებს სთხოვა, რომ საკანონმდებლო ორგანოში დარჩენილიყვნენ - "ტექნიკურად, ფორმალურად, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი პროცედურები ბოლომდე მივაყვანინოთ ქართულ ოცნებას". 

28 ივლისის საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

ქართული ოცნების განცხადების შემდეგ, პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, რომელმაც FACEBOOK-ზე დაწერა, რომ ქართული ოცნება 19 აპრილის შეთანხმებიდან ერთადერთი მიზეზის გამო გავიდა – დაინახა, რომ არჩევნებზე 43%-ის აღების შანსი არ აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოუწევდათ. 

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა - ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის.  

შარლ მიშელის მრჩეველმა, იურეკ კუჩკიევიჩმა გუშინ, 28 ივლისს დაწერა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მხარეებთან კონსულტაციას გადის და ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

კომენტარები