ლიბანის არმიის განცხადებით, სამხრეთ ლიბანში განხორციელებულმა ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ქვეყნის შეიარაღებული ძალების 3 სამხედრო ემსხვერპლა, მათ შორის გენერალი და ოფიცერი.
ლიბანის არმიის ცნობით, დარტყმის სამიზნე სამხედრო ავტომობილი იყო, რომელიც სამხრეთ ლიბანში გადაადგილდებოდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ბრიგადის გენერალი, კაპიტანი და ერთი ჯარისკაცი.
"ისრაელის მიერ ლიბანის, მისი ხალხისა და მისი არმიის წინააღმდეგ მიმდინარე, მიზანმიმართული და განმეორებადი აგრესია მხოლოდ აძლიერებს ჩვენს სიმტკიცეს, რწმენასა და მონდომებას" - ნათქვამია არმიის განცხადებაში.
ლიბანის არმიის შეფასებით, ისრაელის თავდასხმების მიზანია ხელი შეუშალოს ყველა ძალისხმევას, რომელიც "სტაბილურობის აღდგენას, ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის დამყარებასა და ისრაელის მიერ ოკუპირებული ლიბანის ტერიტორიებიდან გასვლას" ემსახურება.
მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურეს, რომ დარტყმა მათ განახორციელეს. მათი განცხადებით, ავტომობილი "საეჭვოდ გადაადგილდებოდა" აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონაში, სადაც გადაადგილება ისრაელის ძალებთან წინასწარ კოორდინაციას მოითხოვს.
ისრაელის სამხედროების თქმით, ამ რაიონში მოქმედი დანაყოფები განსაკუთრებულ მზადყოფნაში იმყოფებოდნენ დაზვერვის მონაცემების გამო, რომლებიც ლიბანში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია ჰეზბოლას შესაძლო თავდასხმებზე და ამ ორგანიზაციის აქტიურობაზე მიუთითებდა.
ისრაელის სამხედროებმა ასევე დაადასტურეს, რომ ავტომობილში ორი ლიბანელი ოფიცერი და ერთი ჯარისკაცი იმყოფებოდა და დასძინეს, რომ ინციდენტის დამატებითი შესწავლა მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ჰეზბოლასა და ისრაელს შორის მიმდინარე დაპირისპირების დროს ლიბანის არმია ძირითადად განზე იდგა და მიმდინარე კონფლიქტის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.




