რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ დრონებით დაარტყა რუსულ ბრიგადას, რომელიც ბუჩაში ომის დანაშაულებს ჩადიოდა

უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების მე-14 პოლკი რუსულ სამიზნეებზე იერიშისთვის დრონებს ამზადებს
14 Окремий Полк БпАК / Telegram

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის, რობერტ "მადიარ" ბროვდის ინფორმაციით, 30 მაისს უკრაინამ რუსეთის მე-3 და 36-ე საერთო-საჯარისო არმიების სასწავლო ველებსა და სამხედრო ბანაკებზე დრონებით იერიში მიიტანა. 

ოპერაციის ფარგლებში უკრაინულმა ძალებმა ასევე დაარტყეს რუსეთის 64-ე ცალკეულ მოტორიზებულ მსროლელთა ბრიგადასაც, რომელიც, Kyiv Independent-ის ცნობით, ერთ-ერთია იმ რუსულ დანაყოფებს შორის, რომლებიც სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველ დღეებში ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაზე არიან პასუხისმგებელნი.

ბროვდის თქმით, უკრაინელმა დრონების პილოტებმა რუსული პოზიციების წინააღმდეგ იერიშები ღამის საათებში დაიწყეს და ოკუპირებული ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში სამიზნეებს წარმატებით დაარტყეს. მანვე დაამატა, რომ უკრაინის არმიის მიხედვით, ჯამში 21 სამიზნეზე დარტყმა დადასტურდა. 

რუსულ მხარეს მსხვერპლის შესახებ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, თუმცა, ჯერჯერობით უკრაინულმა მხარემ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ მსხვერპლს შორისაა 64-ე ბრიგადის 31 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაგანაც 9 მოკლულია, 9 დაჭრილი, ხოლო კიდევ 13 დაკარგულად ითვლება. 

"დიდი ალბათობით, ეს რიცხვები ბევრად უფრო მაღალია." – წერს ბროვდი და Telegram-ზე იერიშის ამსახველ კადრებს ავრცელებს. 

კომენტარები