დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ევროპარლამენტარები: მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო პროვოკაცია და უკრაინის დაშინება

GETTY IMAGES

ევროპარლამენტარებმა უკრაინასა და რუსეთის საზღვართან მზარდ დაძაბულობასთან და რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებასთან დაკავშირებით საერთო განცხადება გაავრცელეს.

"შეშფოთებულები ვაკვირდებით რუსეთის სამხედრო ძალების აქტიურობას და პროვოკაციებს აღმოსავლეთ უკრაინაში და უკრაინის საზღვრებთან". - ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროპარლამენტარები მწუხარებას გამოთქვამენ დაღუპულთა გამო და მინსკის შეთანხმების შესრულებისა და ცეცხლის შეწყვეტის დაცვისკენ აკეთებენ მოწოდებას.

"მოვუწოდებთ რუსეთს, გადადგას აქტიური ნაბიჯები დაძაბულობის შემცირებისთვის, შეწყვიტოს სამხედრო ძალების თავმოყრა უკრაინაში და მის მახლობლად და შეწყვიტოს სამხედრო პროვოკაცია და უკრაინის დაშინება". - წერია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები საერთაშორისო საზოგადოებას და დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებს მოუწოდებენ, გამოხატონ შეშფოთება და გააკრიტიკონ რუსეთის ხელისუფლების მოქმედებები.

"გავაგრძელებთ აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობაზე ახლოდან დაკვირვებას, რათა მოხდეს დაძაბულობის დეესკალაცია და საბოლოო ჯამში აღდგეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა". - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას 18 ევროპარლამენტარი აწერს ხელს, მათ შორის პეტრას აუშტრიავიჩიუსი, ვიოლა ფონ კრამონი, ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, მარეკ ბელკა, მიკაელ გალერი და სხვები.


ბოლო კვირაში ვრცელდება ვიდეო და ფოტომასალა, რომელზეც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები. უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზების შესახებ ისაუბრა უკრაინის მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმაც. ხომჩაკის თანახმად, რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს აძლიერებს, ხოლო პრორუსი სეპარატისტები 2020 წლის ივლისში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ.

რუსლან ხომჩაკის ცნობით, რუსული სამხედრო ძალები სხვადასხვა რეგიონიდან გროვდებიან უკრაინის საზღვრებთან, ამ მოქმედებებს კი რუსული მხარე სამხედრო მზადყოფნის შენარჩუნების საჭიროებითა და წვრთნებისთვის მზადებით ამართლებს. ხომჩაკის თქმით, მოსალოდნელია საზღვართან დამატებით 25 ტაქტიკური ჯგუფის კონცენტრირება, "რაც უკრაინის სახელმწიფო საზღვართან უკვე გაგზავნილ ძალებთან ერთად უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის".

ეუთოს მონიტორინგის მისიამ გასულ დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ასამდე ფაქტი დააფიქსირა. 

დაძაბული ვითარების ფონზე 2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები ასევე გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ანდრიი ტარანს და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა მის უკრაინელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ გერმანია ახლოდან აკვირდება სიტუაციას უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე. დაძაბულობას ასევე გამოეხმაურა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. დომინიკ რააბმა თქვა, რომ ბრიტანეთი სერიოზულად შეშფოთებულია რუსეთის სამხედრო აქტივობით, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინას.

1-ელ აპრილს NATO-მ შეშფოთება გამოხატა რუსეთის სამხედრო გაძლიერებაზე აღმოსავლეთ უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთში განაცხადეს, დონბასში სერიოზულმა ესკალაციამ, შესაძლოა, "გაანადგუროს" უკრაინა. კრემლში განაცხადეს, რომ უკრაინაში NATO-ს ჯარების გაგზავნა რუსეთის საზღვართან მეტ დაძაბულობას გამოიწვევს და ეს მოსკოვს აიძულებს, მისი უსაფრთხოებისთვის დამატებითი ზომები მიიღოს.

1-ელ აპრილს პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების გადაადგილება "არავის უნდა აწუხებდეს". აქამდე პესკოვი ამბობდა, რომ რუსეთის ხელისუფლება "გამოთქვამს შეშფოთებას" დონბასში "მზარდი დაძაბულობის" გამო და შიშობს, რომ "უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვნს საქმეს". უკრაინა პროვოკაციაში დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები