ჟურნალისტზე თავდასხმა

სუბარი სანაიაზე: სიძულვილის ენა თქვენი კოლეგებისგან [ჟურნალისტებისგან] რაც ისმის, ისეთი უნდა

სოზარ სუბარი

"სიძულვილის ენა ხშირად თქვენი კოლეგებისგან რაც ისმის, ისეთი უნდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და ვითმენთ." -  ასე ეხმაურება ქართული ოცნების წევრი, სოზარ სუბარი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას.

"კარგი იქნება, თავს თუ შეიკავებთ ისეთ განცხადებებზე, რისი საფუძველი არც თქვენ გაქვთ და არც არსებობს. დაკავებულები არიან, დაისჯებიან ძალიან მკაცრად". - ამბობს სოზარ სუბარი ფორმულასთვის  მიცემულ ინტერვიუში. 

3 ადამიანს, რომლებიც ვახო სანაიას თავს დაესხნენ, ბრალი წარუდგინეს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. 

ოპოზიციის წევრების შეფასებით, სანაიაზე თავდასხმა "ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის პირდაპირი შედეგია", ვახო სანაია კი ამბობს, რომ "მგონი, განცხადებებს ძალიან კარგად უნდა დაუკვირდეთ, რას აკეთებთ, რომ მერე აგრესია ამ ფორმით არ გამოვლინდეს ხოლმე ჩემზე, ჩემს კოლეგებზე."   

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა. ვახო სანაიაზე თავდასხმას კრიტიკული მედიისადმი ქართული ოცნების აგრესიულ დამოკიდებულებას უკავშირებს მედიაკოალიციაც. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით კი მომხდარი ხელისუფლების აგრესიული რიტორიკის გამოძახილია. ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას თქმით, ძალადობაზე სახელმწიფოს პასუხი მკაცრი უნდა იყოს. ფორმულას ტელეწამყვანზე თავდასხმას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოც და დაწერა, რომ "ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია." 

თუმცა, მიუხედავად მოწოდებებისა, ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ "კრიტიკაზე, დიდი ბოდიშით და, უარს ვერ ვიტყვით." "ოცნების" ახალი სახე, მაკა ბოჭორიშვილი კი ამტკიცებს, რომ "არც ჟურნალისტებისგან გვაკლია სიძულვილის ენა." 

ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს თავს გუშინ, 25 თებერვალს დაესხნენ. როგორც სანაია ჰყვება, თავდამსხმელებს მისი, როგორც ჟურნალისტის, მიმართ ჰქონდათ აგრესია, აგინებდნენ ტელევიზიებს. მისივე თქმით, დაზიანებები თავსა და სხეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს მიყენებული.     

კომენტარები