ჟურნალისტზე თავდასხმა

სანაია თავდასხმაზე: მიცნეს და აგრესიულები გახდნენ, რძალს დაარტყეს, აგინებდნენ ტელევიზიებს

ჟურნალისტი ვახო სანაია მასზე თავდასხმას იხსენებს. როგორც ჟურნალისტი მთავარ არხთან საუბარში ამბობს, მას დაზიანებები აქვს თავსა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. 

სანაიას თქმით, მისი ცოლი, შვილი, ძიძა და ოჯახის კიდევ ერთი წევრი ჩამოფრინდნენ თურქეთიდან. ის მათ აეროპორტში დახვდა და ყინვის გამო მანქანა სახლის გზაზე ვერ ავიდა, რის შემდეგ სანაიამ მაშველები გამოიძახა. 

"ამ დროს, როცა სამაშველო ცდილობდა, აეყვანა ჩვენი ავტომანქანა, სამი ადამიანი შევნიშნე კორპუსთან, ერთ-ერთი ჩემი მეუღლის ყოფილი მეზობელია. გამოელაპარაკა და ჩემს მეუღლესაც ეცნო. მე არცერთს არ ვიცნობდი. რაღაც მომენტში, მცირე დროით მიეხმარნენ კიდეც ჩვენს მძღოლს, მაგრამ მერე გაიწივნენ და როცა პირბადე ჩამოვიხსენი. ერთ-ერთი იყო ძალიან აგრესიული, სულ პროვოცირებდა და მე ვცდილობდი ეს უსიამოვნება თავიდან ამერიდებინა... როცა მანქანას ვაწვებოდი, მომყვებოდა ერთ-ერთი უკან და ორი მოშორებით, სულ ცდილობდა გაღიზიანებას და ვუთხარი, რომ "ხომ ხედავ ოჯახთან ერთად ვარ, ბავშვი, ქალები არიან, მძღოლი ცდილობს რომ გაასწოროს საჭე და აიყვანოს გზაზე"... მოკლედ, გააგრძელა მაინც, ჩამოიხსნა ნაჭერი, რომელიც აფარებული ჰქონდა და მითხრა, ჩემი სახე კარგად დაიმახსოვრეო... ვუთხარი, რომ საერთოდ ვერ გხედავ, არ ვიცი, ვინ ხარ, შეიძლება მანქანა დაგორდეს, სადაც ბავშვი ზის და მომშორდი-მეთქი. 

წავიდა ოდნავ მოშორებით, მანქანას წინიდან დაუდგა და შეიგინა, შემდეგ მანქანას დაარტყა წრე, მე ზურგით ვიდექი და უნდოდა თავდასხმა მუშტებით, გავიწიე ინსტინქტურად, დაბლა დაეცა, მეც ამისირალდა ფეხი და წავიქეცი. წაქცეულზე ორი მომეპარა და დაიწყეს ფეხებისა და მუშტების რტყმა. ახლა გამოვედი ექსპერტიზიდან. დაზიანებები მაქვს თავზე, სხეულის სხვადასხვა მიდამოში...

ამ დროს ჩემი მეუღლე გადმოდის მანქანიდან, გადმოდის ჩემი რძალი, რომელსაც დაარტყეს, ავტომანქანის კარი ღიაა და ძიძას ბავშვი უჭირავს, რომელსაც ისტერიკული ტირილი დაეწყო ამ ყველაფერზე. არ ვიცი, როგორ გაგრძელდებოდა ეს ამბავი. მაშველები, რომლებიც ჩვენს ამოყვანას ცდილობდნენ, ისინი ჩაერთნენ ამ ამბავში, ჩადგნენ შუაში და დაიწყეს გაშველება. როცა ჩავჯექი მანქანაში, მძღოლმა შიგნიდან დაკეტა კარი, ვეღარ ვაღებდი, ამ დროს, კი რამდენიმე წუთის განმავლობაში ქალებს ზედ გადაუარეს, აგრესიულად მოდიოდნენ და მუშტებს ურტყამდნენ შუშებს. აგინებდნენ ტელევიზიებს, ჩვენი ტელევიზიის მიმართულებით, ტვ. პირველის მიმართულებით იგინებოდნენ და შემდეგ უკვე, ჩემს რძალს მოუსწრია და დაურეკავს პატრულისთვის. მოვიდნენ, დააკავეს ესენი, სასწრაფოც მოვიდა, რომელმაც გამსინჯა, მაგრამ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი ვუთხარი, დავრჩი ადგილზე და სამმართველოში გადაგვიყვანეს"- ყვება ვახო სანაია. 

სანაიას თქმით, თავდამსხმელს გარკვეული პოლიტიკური პოზიცია ჰქონდა და "სურდა ისე მეფიქრა, როგორც თავად ფიქრობს". 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სამი პირი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები