ჟურნალისტზე თავდასხმა

TI სანაიაზე: ხელისუფლების აგრესიული და სიძულვილით სავსე რიტორიკის გამოძახილია

ფორმულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას კატეგორიულად გმობს. ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, ეფექტიანად გამოიძიოს აღნიშნული საქმე და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯოს პასუხისმგებელი პირები.

"აღნიშნული ფაქტი არის ხელისუფლების იმ აგრესიული და სიძულვილით სავსე რიტორიკის გამოძახილი, რომელიც მიმართულია კრიტიკული მედიის, ჟურნალისტების თუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. შედეგად, წახალისება ხდება მსგავსი სახის ძალადობისა, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. 

ხელისუფლებას აკისრია ვალდებულება, უზრუნველყოს ჟურნალისტების საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, რაც, პირველ რიგში, კრიტიკული აზრის გამოხატვას და თავისუფლად გავრცელებას გულისხმობს". – ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მოუწოდებს მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, გაიაზრონ მათი როლი ამ პროცესში, შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა კრიტიკული მედიის მიმართ, საჯაროდ დაგმონ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ფორმის ძალადობა და უზრუნველყონ მედიის საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.


ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს დღეს, 25 თებერვალს დაესხნენ თავს. საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული. როგორც სანაია ჰყვება, თავდამსხმელებს მისი, როგორც ჟურნალისტის, მიმართ ჰქონდათ აგრესია, აგინებდნენ ტელევიზიებს. მისივე თქმით, დაზიანებები თავსა და სხვეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს მიყენებული.     

კომენტარები