ჟურნალისტზე თავდასხმა

ომბუდსმენი სანაიაზე თავდასხმაზე: სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს მკაცრი

სახალხო დამცველი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება და ფაქტს "უკიდურესად შემაშფოთებელს" უწოდებს. ომბუდსმენის ცნობით, ამ ტიპის ქმედებების მიმართ პასუხი უნდა იყოს მკაცრი, ვინაიდან ჟურნალისტის პროფესია და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოს დემოკრატიულობის უმნიშვნელოვანესი ნიშანია.

"უკიდურესად შემაშფოთებელია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა.

ამ ტიპის ქმედებების მიმართ სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს მკაცრი. ჟურნალისტის პროფესია და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოს დემოკრატიულობის უმნიშვნელოვანესი ნიშანია. ქვეყანაში უნდა არსებობდეს ინფორმაციის გავრცელების თავისუფალი შესაძლებლობა, მიუხედავად მისი შინაარსისა. თუკი ჟურნალისტს თავს ესხმიან მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ეს დანაშაულებრივი ქმედება ადეკვატურ და მკაცრ რეაგირებას საჭიროებს, რათა სამომავლოდ თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევები". – ნათქვამია განცხადებაში.

ომბუდსმენის ცნობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი კრძალავს როგორც ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლას, ისე პირის დევნას მისი სიტყვის, აზრის, საზოგადოებრივი ან პროფესიული მოღვაწეობის მიზეზით. პირის მიმართ დანაშაულის ჩადენა მისი შეხედულების გამო დანაშაულის ზოგადი დამამძიმებელი გარემოებაა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება, იმსჯელოს სპეციფიკური შემადგენლობის გამოკვეთაზე და უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა ადეკვატური დასჯა.


ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს დღეს, 25 თებერვალს დაესხნენ თავს. საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული. როგორც სანაია ჰყვება, თავდამსხმელებს მისი, როგორც ჟურნალისტის, მიმართ ჰქონდათ აგრესია, აგინებდნენ ტელევიზიებს. მისივე თქმით, დაზიანებები თავსა და სხეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს მიყენებული.     

კომენტარები