ჟურნალისტზე თავდასხმა

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის წალკაში ერთი პირი დააკავეს

TV პირველი

სამართალდამცველებმა წალკაში ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის ერთი პირი, 1967 წელს დაბადებული გოჩა აფრასიძე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ა. წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეუშალა ხელი" - აცხადებს შსს.

ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე და 154-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს წალკაში თავს 30 ივნისს დაესხნენ. როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.   

ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილის თქმით, მათ თავს დაესხა წალკის რაიონის სოფელ წინწყაროს გამგებლის, გიორგი აფრასიძის ბიძა, გოჩა აფრასიძე. 

"წალკაში პირველების რეპორტიორ ნინო ელიკაშვილს და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს ქართულ ოცნებასთან დაახლოებული არაფორმალური დაჯგუფება და მისი ლიდერი დაესხნენ თავს ". – წერს TV პირველი.

კომენტარები