ჟურნალისტზე თავდასხმა

მედიაკოალიცია სანაიაზე: კრიტიკული მედიისადმი "ოცნების" აგრესიული დამოკიდებულების შედეგია

ფორმულა

მედიაკოალიცია ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ მომხდარი კრიტიკული მედიის მიმართ მმართველი პარტიის აგრესიული დამოკიდებულების სამწუხარო შედეგია.

"ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება "ქართული ოცნების" წევრების რიტორიკის გამო, რომლითაც საქართველოში იქმნება ტოქსიკური გარემო მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობისათვის. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჟურნალისტების პოლიტიკურ ოპონენტებად გამოცხადება და მათ მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება ახალისებს ისედაც პოლარიზებული საზოგადოების ნაწილს, რომ თავს დაესხან ჟურნალისტებს სიტყვიერად ან ხელი შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში".- აღნიშნულია განცხადებაში. 

მათივე თქმით, დღემდე გამოუძიებელია ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. კოალიცია აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში თუ უშუალოდ არჩევნების დღეს ჟურნალისტებზე თავდასხმისათვის არც ერთი პირი არ არის პასუხისგებაში მიცემული, თუმცა გამოძიება დაწყებულია. წლის განმავლობაში არაერთი სიტყვიერი მუქარის ფაქტი დარჩა რეაგირების გარეშე. დაუსჯელობა კი ხელს უწყობს ძალადობის წახალისებას.

მედიაკოალიცია სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

"მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უარი თქვას აგრესიულ დამოკიდებულებაზე მედიის მიმართ. მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ქართული მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმების ფაქტებს".- ვკითხულობთ განცხადებაში. 


ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს დღეს, 25 თებერვალს, დაესხნენ თავს. საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული. როგორც სანაია ჰყვება, თავდამსხმელებს მისი, როგორც ჟურნალისტის, მიმართ ჰქონდათ აგრესია, აგინებდნენ ტელევიზიებს. მისივე თქმით, დაზიანებები თავსა და სხვეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს მიყენებული.     

კომენტარები