ჟურნალისტზე თავდასხმა

TV პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ – შსს-მ გამოძიება დაიწყო

TV პირველი

ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს წალკაში თავს დაესხნენ. როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.   

ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილის თქმით, თავს წალკის რაიონის სოფელ წინწყაროს გამგებლის, გიორგი აფრასიძის ბიძა, გოჩა აფრასიძე დაესხათ. 

"წალკაში პირველების რეპორტიორ ნინო ელიკაშვილს და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს თავს ქართულ ოცნებასთან დაახლოებული არაფორმალური დაჯგუფება და მისი ლიდერი დაესხნენ". – წერს TV პირველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით დაიწყეს. 

"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) და 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის) მუხლებით დაიწყო. 

მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია პირველის გადამღები ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდა ადგილობრივი პირი, რომელმაც ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში შეუშალა ხელი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა მათ. შეტყობინების მიღებისთანავე პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა და დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით". – წერია განცხადებაში.

კომენტარები