ვახო სანაიაზე თავდასხმა

პროკურატურა ვახო სანაიაზე თავდამსხმელებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

პროკურატურამ ჟურნალისტ ვახტანგ სანაიაზე თავდამსხმელებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. გამოძიება სამ პირს პროფესიული საქმიანობის გამო დევნას და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარას ედავება. პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულებისთვვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 25 თებერვალს, თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, ვ.გ., გ.ს. და ს.ს. ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტს, ვახტანგ სანაიას, მისი პროფესიული საქმიანობის გამო თავს დაესხნენ. ბრალდებულებმა ვახტანგ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, ხოლო ვ.გ. ვახტანგ სანაიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებით, ვახტანგ სანაიამ თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო. 

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ს.ს-მ ძალადობა განახორციელა ვახტანგ სანაიას თანმხლებ ნ.მ-ს მიმართ.  

სამართალდამცველებმა ვ.გ., გ.ს. და ს.ს. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ უწყება "დისკრიმინაციის ნიშნით  შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს და აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთან ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს".

"ვახტანგ სანაიას მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, როგორც მსგავსი კატეგორიის სხვა დანაშაულებზე,  მკაცრი მიდგომა გვექნება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია. ბრალდების მხარე დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს". - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები