არჩევნები 2020

ელისაშვილი პოლიტპატიმრებზე: ვვაჭრობდით გათავისუფლების სანაცვლოდ, ახლა აღმოაჩინა ვინმემ?

droa.ge

"კი, ვვაჭრობდით მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, ვამბობდით, რომ ეს ხალხი უნდა გამოვიდეს გარეთ". – ასე პასუხობს პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს, რომელთა აზრითაც, პოლიტიკური ვაჭრობის საგანს არ უნდა წარმოადგენდნენ.

"ჩვენით ნურავინ ნუ ივაჭრებსო, რომ ამბობენ, მათი თავისუფლებით ვვაჭრობდით ზუსტად მოლაპარაკებების მაგიდაზე და მარტო მე კი არ ვვაჭრობდი. კი, მოლაპარაკება იყო ვაჭრობა და ნებისმიერი მოლაპარაკება არის ვაჭრობა.

რა, არ იცოდნენ აქამდე 2 თვის განმავლობაში რომ ვამბობდით, ეს ხალხი ციხიდან უნდა გამოვიდესო? თან როგორ ვამბობდით – 4 პუნქტი რაც გვქონდა ოპოზიციას, ვამბობდით, თუ ამას ქართული ოცნება შეასრულებს, მაშინ ჩვენ პარლამენტში შევალთო. დიახ, ასეთი ვაჭრობა მიდიოდა, ახლა აღმოაჩინა ვინმემ ასეთი რამე? ძალიან უცნაური მოსასმენი იყო, გონიერი ხალხია და გამიკვირდა. კი, ვვაჭრობდით მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, ვამბობდით, რომ ეს ხალხი უნდა გამოვიდეს გარეთ". – თქვა ელისაშვილმა მთავარი არხის ეთერში.

სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, მელაშვილისა და ილიჩოვას გათავისუფლება მოლაპარაკებების შედეგია. ივერი მელაშვილი მის სიტყვებს გამოეხმაურა და თქვა, რომ არ უნდა, ვიღაცის ვაჭრობის საგანს წარმოადგენდეს და რომ არასწორია, ვინმემ დამსახურება მიიწეროს, მე რაკი დავაყენე საკითხი, პარლამენტში შევალო. მელაშვილი ამბობს – "მირჩევნია, წავიდე და უკან ციხეში ჩავჯდე".

ისნის N5 საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე, რომლებიც სასამართლომ 10-10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ამბობენ, რომ პოლიტპატიმრების თავისუფლებით ვაჭრობა მიუღებელია.

"ჩემი თავისუფლებით ნურავინ ნუ ვაჭრობს". – ამბობს აკაკი ხუსკივაძე. 

"როგორ შეიძლება ვიღაცის ტყუილად დაჭერილი ადამიანის ხარჯზე ვიღაც მოხვდეს პარლამენტში". – ამბობს აკაკი კობალაძე.

29 იანვარს მოქალაქეების წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, რომლებმაც საპარლამენტო მანდატების მოპოვება შეძლეს, კიდევ ერთხელ შეხვდნენ ქართული ოცნების ლიდერებს. შეხვედრის შემდეგ პარტიის ლიდერებმა თქვეს, რომ მათ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. 

კომენტარები