მე-10 მოწვევის პარლამენტი

"გუშინდელმა ფაქტმა კარგი ფონი შეუქმნა ყველაფერს" – მოქალაქეები პარლამენტში ოცნებას ხვდებიან

პარტია მოქალაქეების ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში ქართული ოცნების წარმომადგენლებს ხვდებიან. ალეკო ელისაშვილის თქმით, შეხვედრას ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებამ ძალიან კარგი ფონი შეუქმნა და თუ შეთანხმდებიან, პარლამენტში შევლენ. 

"საბოლოო შეთანხმებამდე შეიძლება მივიდეთ, შეიძლება ვერა. რა თქმა უნდა, გუშინდელმა ფაქტმა ძალიან კარგი ფონი შეუქმნა ამ ყველაფერს. გააღრმავა ნდობა ჩვენსა და ქართულ ოცნებას შორის იმიტომ, რომ ჩვენ გვინდოდა ასე მომხდარიყო. ჩვენ ველოდით გუშინდელ გათავისუფლებას. ეს იყო მოლაპარაკების პროცესის დამსახურება და ეს იყო კარგი ნაბიჯი ნდობისთვის. ნიშნავს, რომ სხვა საკითხებზე შეგვიძლია წინ წავიწიოთ და სხვა საკითხებზეც შევთანხმდეთ. 

[...] თუ შევთანხმდებით, შევალთ პარლამენტში, ვნახოთ". – თქვა ელისაშილმა.

სასამართლომ გუშინ, 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.  

ალეკო ელისაშვილის თქმით, მელაშვილისა და ილიჩოვას გათავისუფლება მოლაპარაკებების შედეგია. ივერი მელაშვილი მის სიტყვებს გამოეხმაურა და თქვა, რომ არ უნდა, ვიღაცის ვაჭრობის საგანს წარმოადგენდეს და რომ არასწორია, ვინმემ მიიწეროს, მე რაკი დავაყენე საკითხი, პარლამენტში შევალო. მელაშვილი ამბობს – "მირჩევნია, წავიდე და უკან ციხეში ჩავჯდე".

მანდატების გაუქმების მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავს პარტია მოქალაქეებსა და გირჩის სამ წევრს. პარლამენტში უკვე შევიდა პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის 4 დეპუტატი, რომლებმაც ახალი პარტია, ევროპელი სოციალისტები დააფუძნეს. პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხს 2 თებერვალს უყრის კენჭს.

ოპოზიცია ხელისუფლებისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. ამ დროისთვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საპარლამენტო მანდატებზე უმრავლესობას უარი აქვს ნათქვამი.

კომენტარები