არჩევნები 2020

მდინარაძე: IRI ადასტურებს, რომ 2020 წლის არჩევნები ყველაზე დემოკრატიული და კონკურენტული იყო

ტაბულა

"ეს დასავლური ინსტიტუტების მხრიდან კიდევ ერთი მკაფიო პასუხია არჩევნებში დამარცხებული რადიკალური ოპოზიციის სრულიად აბსურდულ ბრალდებებზე არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით". - ასე გამოეხმაურა საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე არჩევნების ტექნიკური შეფასების IRI-ს საერთაშორისო მისიის საბოლოო ანგარიშს.  მამუკა მდინარაძის შეფასებით, IRI-ს დასკვნა "სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებთან ერთად", ადასტურებს, რომ" 2020 წლის არჩევნები არათუ გაყალბდა, არამედ ყველაზე დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი და კონკურენტული არჩევნები იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში".

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე დარწმუნებულია,  რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღება "კიდევ უფრო გააუმჯობესებს არჩევნების ხარისხს და შეფასებებიც იქნება შესაბამისი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან".

"ჩვენს ოპონენტებს აბსოლუტურად გულწრფელად, ნიშნის მოგების გარეშე მივმართავთ: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და მას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება, არ აქვს არანაირი აზრი ყალბი კამპანიების მოგონებას და წარმოებას, ეს დღეს კიდევ ერთხელ და მორიგ ჯერზე დადასტურდა.

ამ მძიმე რეგიონული, პანდემიის, ეკონომიკური და რუსული ოკუპაციისგან მომდინარე გამოწვევების ფონზე, იქნებ შეძლონ და  უარი თქვან სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე და ყველამ ერთად ვიმოქმედოთ ქართული სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე". - განაცხადა მდინარაძემ.

2020 წლის არჩევნების IRI-ის ტექნიკური შეფასების საერთაშორისო მისიის ანგარიშში წერია, რომ "დაშინების ფაქტებმა, სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ ინფორმაციამ, ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევებმა და დისბალანსირებულმა შემაჯამებელმა ოქმებმა ხელი შეუშალეს საერთო მიღწევებს". გარდა ამისა, IRI აღნიშნავს, რომ "საარჩევნო კომისიის ზედა დონეზე სუსტი რეაგირების გამო, საზოგადოებრივი ნდობა საარჩევნო ინსტიტუტების მიმართ დაბალი დარჩა, განსაკუთრებით, შემაჯამებელი ოქმების
დისბალანსის ჭრილში".

"განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ამომრჩეველთა მიმართ ძალადობისა და
იძულების მუდმივი ფაქტები, რაც, ზოგჯერ, საფრთხის შემცველი იყო, განსაკუთრებით
კი ეთნიკური უმცირესობებით მჭირდოდ დასახლებულ რეგიონებში" - წერია დოკუმენტში.

IRI-ს მისია ასევე აღნიშნავს, რომ საარჩევნო რეფორმებმა, რომლებმაც მცირე პარტიებს საშუალება მისცა, შესულიყვნენ პარლამენტში და გადაელახათ ბიპოლარული სისტემა, შედეგად გამოიღო
გაუმჯობესებული პოლიტიკური და გენდერული წარმომადგენლობა.

"საარჩევნო მართვის ორგანოებმა უსაფრთხოების ზომები მიიღეს COVID-19–ის გავრცელების პრევენციის მიზნით არჩევნებამდე და არჩევნების დღეს.

ცესკო, საარჩევნო სუბიექტები და ამომრჩეველები მზად აღმოჩნდნენ COVID-19- ის გამო
შექმნილ გამოწვევებთან რეაგირებისთვის. 31 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ, კოვიდ-19-ით ინფიცირების მაღალი რისკის მიუხედავად, არჩევნებზე წასვლით, დემოკრატიული პროცესის მიმართ საკუთარი ენთუზიაზმი გამოხატა.

საარჩევნო სუბიექტების, საინიციატივო ჯგუფების, პარტიული სიების და ინდივიდუალური
კანდიდატების ინკლუზიურმა რეგისტრაციამ, აგრეთვე საარჩევნო მოხელეების ტრენინგებმა და სამოქალაქო განათლების ინიციატივამ ცესკოს კომპეტენციის მაღალი ხარისხი აჩვენა. გარდა ამისა, საყურადღებოა ცესკოს მზაობა გლობალური პანდემიის დროს საკარანტინო სივრცეში, თვითიზოლაციაში მყოფი და ინფიცირებული ამომრჩევლების ხმის მიცემის ხელშესაწყობად" - ნათქვამია ანგარიშში.

IRI-ის ტექნიკურმა მისიამ რეკომენდაციებიც გამოაქვეყნა ხელისუფლების, ცესკოს, სამართალდამცავი ორგანოების, პოლიტიკური პარტიების, კანდიდატების, საარჩევნო შტაბების, ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციებისთვის.

კომენტარები