არჩევნები 2020

აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ისნის N5 საოლქო-საარჩევნო თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

"ძალიან გაკვირვებული ვარ მე, რომ დღეს ასე გადაწყდა და გამოგვიშვეს გირაო 10 000 ლარის შეფარდებით. ჩემში სამართლისადმი იმედის ნაპერწალმა გაიელვა, რომ შესაძლებელია ამ ქვეყანაში სამართლის მიღწევა. მინდა მადლობა გადავუხადო მოსამართლეს, დარწმუნებული ვარ, დიდ წნეხში იქნებოდა, იმ აბსურდული ბრალდებით რომ გაეგრძელებინათ აღკვეთის ღონისძიება". - ამბობს აკაკი კობალაძე. 

აკაკი ხუსკივაძის თქმით კი, მათი საქმე "თეთრი ძაფით იყო ნაკერი" და, მისივე სიტყვებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ ელოდა.

პროკურატურამ თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა. უწყება ამტკიცებს, რომ 6 ნოემბერს კობალაძე და ხუსკივაძე შეხვდნენ თედო გობეჯიშვილს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით, ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მედიის თანდასწრებით განცხადების გაკეთება შესთავაზეს, რომ არჩევნები გაყალბდა.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი 7 ნოემბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ქართული ოცნების წევრმა, გიორგი ხელაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები საოლქო კომისიის თავმჯდომარეებს და მათ შორის გობეჯიშვილს, რეპრესიებით ემუქრებოდნენ. ხელაშვილმა სამართალდამცველებს მოუწოდა, აღეძრათ საქმე ამ მიმართულებით.

კომენტარები