არჩევნები 2020

ელისაშვილი: შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში

პარტია მოქალაქეების და ქართული ოცნების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ საბოლოოდ, შეთანხმებას მიაღწიეს და ლევან იოსელიანთან ერთად საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება.

"პარტია მოქალაქეების წარმომადგენლები, მე და ლევან იოსელიანი შევთანხმდით, საბოლოოდ, ქართული ოცნების ლიდერებთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და მამუკა მდინარაძესთან, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჩავერთვებით საპრალამენტო საქმიანობაში. ხელი მოვაწერეთ, ეს დოკუმენტი არის საარჩევნო საკითხების ფუნდამენტურ ცვლილებაზე და იმედი მაქვს, ეთერებში მოგვეცემა დეტალურად საუბრის საშუალება, რა პუნქტებზეა ლაპარაკი". - ამბობს ელისაშვილი მამუკა მდინარაძესთან და არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ.

ელისაშვილის თქმით, ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს საარჩევნო საკითხების ფუნდამენტურ ცვლილებას და დოკუმენტის მიხედვით, ეს საკითხები პარლამენტში პირველ მარტამდე ინიცირდება, ხოლო განიხილება პირველ მაისამდე. ელისაშვილი აღნიშნავს, რომ თუ საკითხები პირველ მარტამდე არ დაინიცირდება, მოქალაქეები პარლამენტიდან გამოვლენ.

"ელექტრონული არჩევნების წესი, ნებისმიერი კარუსელის პრევენციისთვის იქნება ხმის მიცემა თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით, ყველა უბანზე იქნება ელექტრონული ხმისმთვლელი აპარატი, რაც ნიშნავს იმას, რომ 8 საათზე დაიხურება თუ არა უბნები გვეცოდინება შედეგი და არ დაველოდებით თამარ ჟვანიას სევდიან პრესკონფერენციას. სამი კამერა იქნება, ყველა საარჩევნო უბნიდან იქნება პირდაპირი ეთერი ისე, რომ ოფისებიდან შეეძლებათ ადამიანებს დააკვირდნენ, გარე პერიმეტრი 25 მეტრიდან გაიზრდება 100 მეტრამდე, ცესკოში, საოლქო და საუბნო კომისიებში ოპოზიცია იქნება სრულად წარმოდგენილი, ცესკოს თავმჯდომარის არჩევა კი მოხდება სხვაგვარად და გამჭვირვალედ". - თქვა ალეკო ელისაშვილმა. 

60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან უმრავლესობამ მანდატებზე უარი თქვა. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტი კენჭს 2 თებერვალს უყრის.

მანდატებზე უარი არ უთქვამს პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიის ოთხ წევრს, რომლებიც პარლამენტში ევროპელი სოციალისტების სახელით შევიდნენ. მათგან სამს - ფრიდონ ინჯიას, გოჩა ენუქიძესა და დავით ზილფიმიანს მანდატები პარტიის იმ ლიდერების ნაცვლად ერგოთ, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვეს, ხოლო მეოთხე - ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში პარტიული სიით მოხვდა.

მანდატებზე ასევე უარი არ უთქვამთ გირჩის სამ და მოქალაქეების ორ წევრს.

კომენტარები