სანქცირებული TV იმედის ცნობით, სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით სებ-ის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ მათ უხთრათ, რომ კომერციული ბანკები ვალდებულები არიან საქართველოს კანონმდებლობითა და კონსტიტუციით იხელმძღვანელონ.
"ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას. იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიქმნება კოლიზია სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად" - ნათქვამია თურნავას TV იმედის მიერ გავრცელებულ კომენტარში.
24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა, რის ფარგლებშიც მათ სამი კატეგორიის სანქციები შეეხოთ: აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია.
შეგახსენებთ, აშშ-ს მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, არაერთ დანაშაულში ბრალდებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ, სებ-მა საგამონაკლისო ბრძანება გამოსცა.
ოთარ რომანოვ ფარცხალაძე სანქცირებულია აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ. გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე 2025 წლის 19 სეტემბერს დაასანცირა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კი - 2023 წლის 14 სექტემბერს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და ФСБ-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა ФСБ-თან კავშირით".
აშშ-ს სანქციების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოსცა სპეციალური ბრძანება, რათა ფარცხალაძისთვის დაკისრებული შეზღუდვების აღსრულება შეეჩერებინა.
2023 წლის 18 სექტემბერს ქართულმა ბანკებმა ოთარ ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს. ეროვნული ბანკის განმარტებით, 2022 წლის 26 თებერვლიდან საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად - სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის შესაძლებლობა.
თუმცა, 2023 წლის 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ეროვნული ბანკი აცხადებდა, რომ "საქართველო არასდროს იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად", თუმცა, იქვე აღნიშნადა, რომ ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესების "პირველი პრეცედენტია".
ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგებოდა - მისი მტკიცებით, ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი.
კობახიძემ 2023 წლის 19 სექტემბერს ფარცხალაძესთან დაკავშირებით ასევე თქვა, რომ ხელისუფლებას "მტკიცებულებები სჭირდება" და "არ შეიძლება, ადამიანს დაუძახო აგენტი".
ერონული ბანკის სპეციალური ბრძანების გამოცემიდან მეორე დღეს, ოთარ ფარცხალაძემ მოახერხა ქონების სხვაზე გადაფორმება, მაგალითად, ტაბახმელაში, სოფელ წავკისში მდებარე მიწა მასზე აშენებულ სამ ნაგებობასთან ერთად ქართველ-რუსმა ოლიგარქმა შვილს, ანდრია-ანზორ ფარცხალაძეს 2023 წლის 20 სექტემბერს აჩუქა. აღნიშნულ ნაკვეთზე დგას წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელების ეკლესია, სამრეკლო და კიდევ ერთი ნაგებობა.
21 სექტემბერს კი, საგამოძიებო პროექტმა Kavshirebi დაწერა, რომ აშშ-ს მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ საკუთარი ერთ-ერთი კომპანიის წილი შვილს აჩუქა.
მას შემდეგ, რაც აშშ-მ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა და ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა, 2023 წლის 20 სექტემბერს სებ-ის მაშინდელმა ვიცეპრეზიდენტებმა, ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ თანამდებობები დატოვეს. სებ-ის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემაც. ეროვნული ბანკი მოგვიანებით დატოვა ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმა და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ქუსიკაშვილმა.
2023 წლის 20 სექტემბერს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიზანშეწონილად თვლიან ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას. 22 სექტემბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცლა ინფორმაცია, რომ ფარცხალაძე სუს-ში იმყოფებოდა.





