ოთარ ფარცხალაძემ შვილს ეკლესია გადაუფორმა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ტაბახმელაში, სოფელ წავკისში მდებარე მიწა მასზე აშენებულ სამ ნაგებობასთან ერთად ქართველ-რუსმა ოლიგარქმა შვილს, ანდრია ანზორ ფარცხალაძეს 20 სექტემბერს აჩუქა.
აღნიშნულ ნაკვეთზე დგას წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელების ეკლესია, სამრეკლო და კიდევ ერთი ნაგებობა.
ეკლესიის წინამძღვრის, მამა ბასილ ჟორჟიკაშვილის თქმით, შესაბამისი საბუთები უკვე მზად არის და ეკლესია მალე საპატრიარქოს საკუთრებაში გადავა.
"კერძო პირმა, ოთარ ფარცხალაძემ თავის ნაკვეთზე ააშენა და პროცედურა მომზადდა, საბუთები მომზადდა, გაიმიჯნა და გადმოეცემა საპატრიარქოს... თავის ნაკვეთზე ააშენა ადამიანმა, ეს ესე ხდება და ჩვეულებრივად საბუთები უკვე გამზადებულია, უკვე გამიჯნულია და გადმოეცემა საპატრიარქოს" - თქვა მამა ბასილმა 16 სექტემბერს მთავარ არხთან საუბრისას.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და ФСБ-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა ФСБ-თან კავშირით".
ამის შემდეგ, ქართულმა ბანკებმა ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს. ეროვნული ბანკის განმარტებით, 2022 წლის 26 თებერვლიდან საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად - სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის შესაძლებლობა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება 19 სექტემბერს შეიტანა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ საქართველო არასდროს იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად", თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესების "პირველი პრეცედენტია".
ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგებოდა - მისი მტკიცებით, ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი.
ამასთან, 20 სექტემბერს ეროვნული ბანკის სამმა ვიცეპრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობები დატოვეს.
სახდეპი: ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებს, თავს სანქციების რისკის ქვეშ აყენებს
აქვე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო. კანონმდებლობით, პირს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობა უწყდება.
ფარცხალაძის ორმაგ მოქალაქეობაზე სალომე ზურაბიშვილი ირწმუნება, რომ "საქართველოს პრეზიდენტთან ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა". პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბოლო განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას და მას "დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს".





