ოთარ ფარცხალაძის საქმე

კობახიძე ფარცხალაძეზე: არ შეიძლება, ადამიანს დაუძახო აგენტი, მტკიცებულებები გვჭირდება

Mzia Saganelidze (RFE/RL)

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას "მტკიცებულებები სჭირდება" და "არ შეიძლება, ადამიანს დაუძახო აგენტი". მისი მტკიცებით, საზოგადოებას ეს ინფორმაცია არ უნდა დაუმალონ.

"როდესაც საქართველოს მოქალაქე ხდება უცხო ქვეყნის აგენტი, განსაკუთრებით იმ ქვეყნის სახელმწიფოს აგენტი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიების 20%, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ ასეთ დროს წარმოებს შესწავლა, გამოძიება. შემდეგ საქმე მიდის სასამართლოში და მტკიცებულებებით თუ დადგინდება, რომ პირი მართლაც არის აგენტი, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია საუბარი, რომ ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები. არ შეიძლება, ადამიანს დაუძახო აგენტი.

სალომე ზურაბიშვილმაც პრაქტიკულად იგივე გაიმეორა, ვიღაცას ეძახის აგენტს. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კონკრეტული ადამიანები სალომე ზურაბიშვილს ეძახდნენ "სტრეკაზას“. მტკიცებულება ხომ არის საჭირო, ვიღაცამ ხომ უნდა დაამტკიცოს, რომ კგბ-ს დოსიეში ეწერა? ვის უმალავენ, საზოგადოებას უმალავენ? არ არსებობს ასეთი მტკიცებულება. ვიღაც რომ დააბრალებს ადამიანს აგენტობას, შენ როცა ხარ სახელმწიფო და როცა საუბარია შენი ქვეყნის მოქალაქეზე, ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებები უნდა მოითხოვო. სახელმწიფომ და საზოგადოებამაც, ჰო?

ქართულ საზოგადოებას ეუბნებიან, რომ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას აწარმოებს რუსეთის სასარგებლოდ საქართველოში. საზოგადოებას ხომ არ შეიძლება, დაუმალო ეს ინფორმაცია, არასწორია უბრალოდ. ამიტომ, რაზეა საუბარი, ჰო? არ შეიძლება, ადამიანს დაუძახო აგენტი, ვიდრე არ არსებობს მტკიცებულებები, ვიდრე არ არსებობს განაჩენი. ამ სტანდარტზეა საუბარი, მეტი  არაფერზე. ეს აღიზიანებს ოპოზიციას“ - თქვა კობახიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა. 

"ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და FSB-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა FSB-თან კავშირით". – აღნიშნულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

აშშ-ს უწყება აღნიშნავს, რომ ფარცხალაძე ქართველ-რუსი ოლიგარქია და იგი რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობდა. 

კომენტარები