ოთარ ფარცხალაძე

ქართულმა ბანკებმა ოთარ ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს

ოთარ ფარცხალაძეს ქართულმა ბანკებმა ყველა ანგარიში გაუყინეს. ინფორმაცია თავდაპირველად ბიემჯიმ გაავრცელა. გადამოწმების მიზნით ტაბულა საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუკავშირდა, რომლისგანაც წერილობითი პასუხი მივიღეთ.

"როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვალიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. სანქციათა მოთხოვნების შესრულების და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების დანერგვისას ერთიანი მიდგომების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცდა "საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი".

ზემოაღნიშნული მითითებისა და წესის შესაბამისად, საქართველოს ფინანსურ სექტორს დაევალა მათ შორის, გაითვალისწინოს აშშ-ს ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ (OFAC) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში (SDN list) შეყვანილი პირების მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება, რაც გულისხმობს სანქცირებული პირების მიერ აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვას. სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობის მიზნით, ეროვნულ ბანკში შექმნილია სპეციალური განყოფილება, რომელიც ზედამხედველობას/მონიტორინგს უწევს აღნიშნულ პროცესს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის ნაბიჯებს ამ მიმართულებით". - ვკითხულობთ სებ-ის წერილობით განმარტებაში.


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, "ქართველ-რუს ოლიგარქს", ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა

ფარცხალაძისთვის დაწესებული სანქციები გულისხმობს შემდეგ შეზღუდვებს:

  • ყველა სახის საკუთრება და საკუთრების წილი, რომელიც სანქცირებულ პირს შეერთებულ შტატებში აქვს, ან თუ მისი ეს ქონება ეკუთვნის ან აკონტროლებს აშშ-ს მოქალაქე, იქნება დაბლოკილი და შეუძლებელი იქნება მისი გადაცემა, გადახდა, ექსპორტი, გამოტანა და ნებისმიერი სახის ფინანსური ტრანზაქცია.
  • შეზღუდვები სანქცირებული პირის მიმართ, ან მის სასარგებლოდ, კრძალავს აშშ-დან ნებისმიერი სახის კონტრიბუციისა თუ თანხების, საქონლის გაღებასა და მომსახურების გაწევას. ასევე, იკრძალება ამავე პირისგან ნებისმიერი სახის კონტრიბუციისა თუ ფინანსების, საქონლისა და სამსახურის მიღება.
  • ქონებასა და ფინანსების მიმოქცევაზე დაწესებული შეზღუდვების გარდა, სანქციები გულისხმობს აშშ-ს ტერიტორიაზე ჩასვლის აკრძალვასაც, რადგან დასანქცირებული პირები მოიაზრებიან აშშ-ს ინტერესების დამაზიანებელ პირებად. გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ან საშინაო უსაფრთხოების მდივანი დაადგენს, რომ მსგავსი ადამიანის ქვეყანაში შესვლა აშშ-ს ინტერესებთან წინააღმდეგობაში არ იქნება.
  • სანქციების ფარგლებში იკრძალება დაწესებული შეზღუდვების დარღვევა და მათთვის გვერდის ავლა.

კომენტარები