ოთარ ფარცხალაძე

აშშ-მ ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა.  

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფარცხალაძის გარდა, სანქციები დაუწესდა რუსეთის დაზვერვის სამსახურის ოფიცერს, ალექსანდრ ონიშჩენკოს. 

ამავე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ონიშჩენკო "თავის თანამოაზრე  ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში" დაეხმარა. 

"ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და FSB-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა FSB-თან კავშირით". – აღნიშნულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

აშშ-ს უწყება აღნიშნავს, რომ ფარცხალაძე ქართველ-რუსი ოლიგარქია და იგი რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობდა. 

ამავე ინფორმაციით, ფარცხალაძე საკონსულტაციო კომპანიებში MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION 50%-იან წილს ფლობს.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე იკავებდა.


აშშ-მ 14 სექტემბერს სანქციები დაადო 150-ზე მეტ ბიზნესსა და კერძ პირს რუსეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და საქართველოდან. ახალი შეზღუდვების მთავარი მიზანი კრემლისთვის სანქციების არიდებაში ხელის შეშლაა. როგორც AP News-ი უსვამს ხაზს, ეს იქნება სანქციების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პაკეტი. მისი კიდევ ერთი მიზანი რუსეთის ენერგოსექტორის შეზღუდვაა.

დაწესებული სანქციები გულისხმობს შემდეგ შეზღუდვებს:

  • ყველა სახის საკუთრება და საკუთრების წილი, რომელიც სანქცირებულ პირს შეერთებულ შტატებში აქვს, ან თუ მისი ეს ქონება ეკუთვნის ან აკონტროლებს აშშ-ს მოქალაქე, იქნება დაბლოკილი და შეუძლებელი იქნება მისი გადაცემა, გადახდა, ექსპორტი, გამოტანა და ნებისმიერი სახის ფინანსური ტრანზაქცია.
  • შეზღუდვები სანქცირებული პირის მიმართ, ან მის სასარგებლოდ, კრძალავს აშშ-დან ნებისმიერი სახის კონტრიბუციისა თუ თანხების, საქონლის გაღებასა და მომსახურების გაწევას. ასევე, იკრძალება ამავე პირისგან ნებისმიერი სახის კონტრიბუციისა თუ ფინანსების, საქონლისა და სამსახურის მიღება.
  • ქონებასა და ფინანსების მიმოქცევაზე დაწესებული შეზღუდვების გარდა, სანქციები გულისხმობს აშშ-ს ტერიტორიაზე ჩასვლის აკრძალვასაც, რადგან დასანქცირებული პირები მოიაზრებიან აშშ-ს ინტერესების დამაზიანებელ პირებად. გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ან საშინაო უსაფრთხოების მდივანი დაადგენს, რომ მსგავსი ადამიანის ქვეყანაში შესვლა აშშ-ს ინტერესებთან წინააღმდეგობაში არ იქნება.
  • სანქციების ფარგლებში იკრძალება დაწესებული შეზღუდვების დარღვევა და მათთვის გვერდის ავლა.

კომენტარები