რუსული რეჟიმი

ყვავილებით ხომ არ დააკავებენ? - კალაძე აქციის მონაწილეების დაკავებებზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით ადამიანების დაკავებას გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებს.

„უწყების ხელმძღვანელმა შესაბამისი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარეობს ადამიანების იდენტიფიცირება, რადგან საკმაოდ მრავლად იყვნენ ის პირები, ვინც უშუალოდ შტურმს ახორციელებდა პრეზიდენტის სასახლეზე [...] პოლიცია შესაბამის ღონისძიებას მიმართავს მათ მიმართ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, რა თქმა უნდა, უწყება კანონის ფარგლებში მოქმედებს. ვინმემ კანონი დაარღვია? არა, შესაბამისად, მიმდინარეობს ადამიანების დაკავება. ფორმას რაც შეეხება, ყვავილებით ხომ არ დააკავებენ? არის ეჭვმიტანილი, დამნაშავე და ჩვეულებრივად აკავებენ. ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.

ზრდასრული ადამიანები თავიანთ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში ყველა თავისუფალია, ვერავის შეზღუდავ, მაგრამ როდესაც არღვევ კანონს, ჩვენ ცივილიზებულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, შესაბამისად, ყველაფერს მოჰყვება რეაგირება". - თქვა კალაძემ.

დღეს, 17 ოქტომბრის დილას დაკავებულების ნაწილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პოლიცია და სპეცრაზმი მათ სახლებში შეუვარდა. ნაწილი ამბობს, რომ იმ დროს სახლში ბავშვებიც ჰყავდათ.

ერთ-ერთი დაკავებულის, დავით ღურწკაიას ცოლი, თამარ ჭითანავა ამბობს, რომ სპეცრაზმელები საძინებელ ოთახშიც შევიდნენ, რაზეც ბავშვს გაეღვიძა და შეეშინდა.

აქტივისტების ცნობით, დღეს, 17 ოქტომბერს, გამთენიისას აქციების კიდევ 9 მონაწილე დააკავეს. საქმე, სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს ეხება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. აქამდე, 4 ოქტომბრის საქმეზე ჯამში აქციების 46 მონაწილე იყო დაკავებული.

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ ჯერ არც ბრიფინგია ჩანიშნული. ინფორმაციას განახლებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები