რუსული რეჟიმი

სასახლეში შეჭრას ედავებიან, შენობის აღება გინდოდაო - დავით ღურწკაიას ცოლი

დავით ღურწკაიას ცოლი, თამარ ჭითანავა ამბობს, რომ მისი მეუღლე დღეს გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს. ცოლის თქმით, დათოს უთხრეს, რომ მას 4 ოქტომბრის აქციაზე ორბელიანების სასახლეში შეჭრას ედავებიან. 

"დაახლოებით, დილის 6 საათზე მოვიდნენ. ჩვენ გვეძინა და კარი შემოანგრიეს. ვინერვიულეთ, შეგვეშინდა. სპეცრაზმელებიც იყვნენ და პოლიციელებიც. რომ შემოვიდნენ, ეგრევე ტელეფონები წაგვართვეს [...] სპეცრაზმელები საძინებელშიც შემოვიდნენ, ბავშვს გაეღვიძა და შეეშინდა [...]

დათოს ხელბოკრილები დაადეს და შემდეგ დაკითხეს. იმ დროს, მე და ჩემი შვილი მეორე ოთახში ვიყავით [...] სასახლეში შეჭრას ედავებიან, შენობის აღება გინდოდაო. ასევე, მეორე მუხლიც იყო, კარგად ვერ გავიგე, რადგან კარი დახურული ჰქონდათ, მაგრამ, მგონი, ნივთების დაზიანებას ეხებოდა. დათო აქციებზე 2020 წელსაც დადიოდა ხოლმე და ეგეც შეახსენეს. Facebook-ზე აქტიური ფოტოები გიდევსო, ბევრი აქციის მონაწილე ხარო - მოკლედ, ბევრი რაღაც შეახსენეს [...] იქ იდგა, მაგრამ ამბობს, რომ კართან შეხება არ მქონიაო. ისინი კი ამბობენ, შენგრევას ცდილობდიო". - თქვა ღურწკაიას ცოლმა TV პირველთან საუბარში.

აქტივისტების ცნობით, დღეს, 17 ოქტომბერს, გამთენიისას აქციების კიდევ 9 მონაწილე დააკავეს. საქმე, სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს ეხება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. აქამდე, 4 ოქტომბრის საქმეზე ჯამში აქციების 46 მონაწილე იყო დაკავებული.

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ ჯერ არც ბრიფინგია ჩანიშნული. ინფორმაციას განახლებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები