რუსული რეჟიმი

პროკურატურამ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების 2 დაკავებულ მონაწილეს, თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს ბრალი წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 31 ივლისს, ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინა მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა დაზარალებულს გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ. ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე ითვალისწინებს.


სამართალდამცავებმა თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს 16 აგვისტოს დააკავეს

აქციის მონაწილეების დაკავებას აქტივისტები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ.

"რუსთაველის აქციის მონაწილეები დააკავეს იმის გამო, რომ არაკაცი ბექა გოცირიძე მოვარდა დანით და ის გაანეიტრალეს. დანა პოლიციას ჩააბარეს იქ მყოფებმა. თავისუფლება თორნიკეს და მინდიას” - დაწერა აქტივისტმა, დოდი ხარხელმა სოციალურ ქსელში.

კიდევ ერთი აქტივისტის, მარიამ დოლიძის თქმით, დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე ყოველდღიური პროტესტის აქტიური მონაწილეები იყვნენ.

“ვიღაც ქოცტროლა, ტიტუშკა ბექა გოცირიძე დიდი ხანია ვიდეოებს აქვეყნებს პროტესტის მონაწილეების ლანძღვით. ცოტა ხნის წინ ფიზიკურადაც მოეთრა აქციაზე და ხალხს დაუწყო გინება. ცხადია, ამაზე ადამიანებს რეაქცია ექნებოდათ.

ასევე ჰქონდა დანა, რომელიც ამ ბიჭებმა პოლიციას გადასცეს. გადის დღეები და ეს პროვოკატორი ნაგავი კი არა, ისევ თორნიკე და მინდია დაიჭირეს.

ანუ მოქალაქეებს გინებით და დანით რო მიუვარდები, თურმე ის კი არ უნდა დაიჭირო, არამედ ადამიანები, ვინც მისგან თავს იცავენ” - წერს დოლიძე.

კომენტარები