შსს-ს განცხადებით, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების 2 მონაწილე დააკავეს - 1992 წელს დაბადებული მინდია შერვაშიძე და 1988 წელს დაბადებული თორნიკე თოშხუა. მათ 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის
მონაწილეებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯგუფურად იძალადეს 1988 წელს დაბადებულ ბ.გ.-ზე.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი 2 პირის ვინაობა დაადგინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს” - აცხადებს შსს.
აქციის მონაწილეების დაკავებას აქტივისტები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ.
"რუსთაველის აქციის მონაწილეები დააკავეს იმის გამო, რომ არაკაცი ბექა გოცირიძე მოვარდა დანით და ის გაანეიტრალეს. დანა პოლიციას ჩააბარეს იქ მყოფებმა. თავისუფლება თორნიკეს და მინდიას” - დაწერა აქტივისტმა, დოდი ხარხელმა სოციალურ ქსელში.
კიდევ ერთი აქტივისტის, მარიამ დოლიძის თქმით, დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე ყოველდღიური პროტესტის აქტიური მონაწილეები იყვნენ.
“ვიღაც ქოცტროლა, ტიტუშკა ბექა გოცირიძე დიდი ხანია ვიდეოებს აქვეყნებს პროტესტის მონაწილეების ლანძღვით. ცოტა ხნის წინ ფიზიკურადაც მოეთრა აქციაზე და ხალხს დაუწყო გინება. ცხადია, ამაზე ადამიანებს რეაქცია ექნებოდათ.
ასევე ჰქონდა დანა, რომელიც ამ ბიჭებმა პოლიციას გადასცეს. გადის დღეები და ეს პროვოკატორი ნაგავი კი არა, ისევ თორნიკე და მინდია დაიჭირეს.
ანუ მოქალაქეებს გინებით და დანით რო მიუვარდები, თურმე ის კი არ უნდა დაიჭირო, არამედ ადამიანები, ვინც მისგან თავს იცავენ” - წერს დოლიძე.
შსს-ს აცხადებს, რომ "საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით გრძელდება".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ. ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

![გამოვლენილია ფინანსური დანაშაულის 3 ფაქტი, დაკავებულია 6 პირი – საგამოძიებო [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/ssaa.png.jpg?itok=1wfu_1Ke)



