მედიის ადვოკატირების კოალიცია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას გმობს.
TV პირველის ჟურნალისტის მარიამ მაკასარაშვილის თქმით, მას და მის ოპერატორს თავს, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა დაესხა თავს.
როგორც ორგანიზაცია წერს, თავდასხმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და უსაფრთხოების კრიტიკულ მდგომარეობას.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს TV პირველს.
"ტელეკომპანია პირველის სარედაქციო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, "გადამდგარი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა ქალ ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს. წაართვა მობილური ტელეფონი და გაიტაცა ტვ პირველის სატელევიზიო კამერა."
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ. 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე ან/და აქციებთან დაკავშირებულ შემთხვევებში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 145 ინციდენტი დაფიქსირდა.
ათობით ჟურნალისტი არაერთხელ გახდა სხვადასხვა ტიპის რეპრესიის სამიზნე. დღემდე არც ერთი დამნაშავე არ არის იდენტიფიცირებული და პასუხისგებაში მიცემული. არსებული გარემო სრულიად ნათლად აჩვენებს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც ქვეყანაში სუფევს. ეს არის იმ პოლიტიკური რეჟიმის პირდაპირი შედეგი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი წარმართავს, სადაც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები სრულად იგნორირებულია.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს და ყველა მის კოლეგას, რომლებსაც მსგავს რთულ ვითარებაში უწევს პროფესიული მოვალეობის შესრულება". - ნათქვამია განცხადებაში.
ჟურნალისტის, მარიამ მაკასარაშვილის თქმით, წართმეული აპარატურა 40 წუთის შემდეგ დაუბრუნეს.
"40 წუთი ხომ ჩვენი აპარატურა შიგნით იყო, რამდენიმე ავტომობილი მოვიდა შავი, დაბურული მინებით და ეს ადამიანები შიგნით რომ შევიდნენ, 5 წუთში, დაახლოებით, გამოვიდნენ და მე და ჩემი ოპერატორი აქ ვიყავით, სასწრაფო იყო იმ წამის მოსული და გვეუბნებიან, რომ ამ აპარატურას კი დაგიბრუნებთო, მაგრამ რატომ მოხვედითო აქო და ხარებაზე კითხვებს რატომ სვამდითო". - თქვა მაკასარაშვილმა.
ტელევიზიის ცნობით, ჟურნალისტი მიღებული დაზიანების გამო კლინიკაში გადაიყვანეს - მას, სავარაუდოდ, ტვინის შერყევა აქვს.
ცნობისთვის, 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ გიორგი შინჯიკაშვილმა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა. გასულ წელს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინჯიკაშვილს კონფლიქტი ჰქონდა გდდ-ს უფროს ზვიად ხარაზიშვილთან, იგივე ხარებასთან.





