ძალადობა ჟურნალისტებზე

საია: ჟურნალისტებისადმი ძალადობის ფაქტებს ხელს უწყობს შესაბამისი ორგანოების გულგრილობა

"ტვ პირველის" ჟურნალისტი, მარიამ მაკასარაშვილი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოეხმაურა ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არხის ჟურნალისტზე, მარიამ მაკასარაშვილზე თავდასხმის შესახებ.

მაკასარაშვილის თქმით, მას და მის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის უკვე გადამდგარი პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ.

"მომხდარი ადასტურებს ჟურნალისტების მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტებს, რასაც პირდაპირ უწყობს ხელს შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების გულგრილობა. ასეთი დამოკიდებულება ახალისებს ძალადობას და აჩენს დაუსჯელობის განცდას.

ისედაც გაუარესებულ მედიაგარემოში, საია გმობს მომხდარს და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას გავრცელებულ ინფორმაციაზე მოახდინონ სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება." - წერს საია.

12 მაისს ცნობილი გახდა, რომ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, გიორგი შინჯიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ შინჯიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ პოსტს პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებს.

კომენტარები