გიორგი შინჯიკაშვილი

ქვემო ქართლის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, გიორგი შინჯიკაშვილმა თანამდებობა დატოვა

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, გიორგი შინჯიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ შინჯიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ პოსტს პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებს. 

შინჯიკაშვილი წერს, რომ რჩება "ქვეყნის და ერის სამსახურში".

"ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, 4 წლიანი მუშაობის შემდეგ ვტოვებ თანამდებობას, პირადი გადაწყვეტილებით.

მადლობას ვუხდი თითოეულ მუნიციპალიტეტს პასუხისმგებლიანი მუშაობისთვის, ყველა საჯარო მოხელეს მეგობრობისა და ქვეყნის ღირსეული სამსახურისთვის.

მადლობა თანამებრძოლებს, გვერდში დგომისთვის და ერთგულებისთვის.

მადლობა, ყველა სამთავრობო უწყებას თანამშრომლობისთვის.

როგორც ყოველთვის ვრჩები ქვეყნისა და ერის სამსახურში" - წერს გიორგი შინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.

გასული წლის ივნისში, რამდენიმე ტელევიზიამ - ტვ პირველმა, მთავარმა არხმა და ფორმულამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შინჯიკაშვილი დაპირისპირებული იყო გდდ-ს უფროს ზვიად ხარაზიშვილთან, ამ დაპირისპირების გამო, შინჯიკაშვილმა გარკვეული პერიოდით ქვეყანაც დატოვა.

ტელევიზიები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ერთმანეთს ზვიად ხარაზიშვილის სპეცრაზმელები და შინჯიკაშვილის არაფორმალური დაჯგუფება დაუპირისპირდნენ. მთავარმა არხმა მაშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შინჯიკაშვილმა და მისმა დაჯგუფებამ ზვიად ხარაზიშვილს სცემა. ფორმულას ინფორმაციით კი, შინჯიკაშვილსა და ე.წ ხარებას [ზვიად ხარაზიშვილი] შორის დაპირისპირება ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო, მოგვიანებით კი მათ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტში გადაიზარდა.

ტვ პირველის ინფორმაციით, კი დაპირისპირება ხარაზიშვილის სპეცრაზმელებსა და შინჯიკაშვილის დაჯგუფებას შორის იყო.

კომენტარები