ძალადობა ჟურნალისტებზე

ქარტია: TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას "ოცნებას" ვაკისრებთ

კადრი ვიდეოდან/TV პირველი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინციდენტის სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

ქარტია თავდასხმაზე სრულ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს.

ინციდენტს ასევე გამოეხმაურა მედიაობმუდსმენიც, რომელმაც შეტყობინებით მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. მედიაომბუდსმენი მოითხოვს, "დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და სათანადოდ დაისჯონ ქალ ჟურნალისტზე თავდასხმაში მონაწილე პირები".

TV პირველის ჟურნალისტის მარიამ მაკასარაშვილის თქმით, მას და მის ოპერატორს თავს, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა დაესხა თავს.

"ქარტია მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს, რომლის რეპრესიული პოლიტიკა მედიის მიმართ ქმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტების უსაფრთხოება და უფლებები დაცული არ არის და სადაც ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, ჟურნალისტებს თავს დაესხან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფონზე კი დღემდე არ არის გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემული არცერთი პირი, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში ჟურნალისტებზე იძალადა". - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში. 

ქარტიის შეფასებით, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ მოვალეობაში ხელის შეშლა ფიზიკური შეურაცხყოფისა და აპარატურის განზრახ დაზიანებით ხდება. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

"თავდამსხმელის  ვინაობა ცნობილია და ინციდენტის სწრაფად გამოძიება სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს". - აღნიშნავს ქარტია.

მედიაომბუდსმენის ცნობით, მაკასარაშვილი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, არაერთხელ გახდა სამიზნე.

"მედიაომბუდსმენი ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით წარმოადგენს ჟურნალისტის ინტერესს. მარიამის უფლებების დარღვევის სხვა ფაქტებზე ამ დრომდე გამოძიება/გამოძიებები დასრულებული არ არის". - წერს ორგანიზაცია.

მარიამ მაკასარაშვილის თქმით, აპარატურა 40 წუთის შემდეგ დაუბრუნეს. 

"40 წუთი ხომ ჩვენი აპარატურა შიგნით იყო, რამდენიმე ავტომობილი მოვიდა შავი, დაბურული მინებით და ეს ადამიანები შიგნით რომ შევიდნენ, 5 წუთში, დაახლოებით, გამოვიდნენ და მე და ჩემი ოპერატორი აქ ვიყავით, სასწრაფო იყო იმ წამის მოსული და გვეუბნებიან, რომ ამ აპარატურას კი დაგიბრუნებთო, მაგრამ რატომ მოხვედითო აქო და ხარებაზე კითხვებს რატომ სვამდითო". - თქვა მაკასარაშვილმა. 

ტელევიზიის ცნობით, ჟურნალისტი მიღებული დაზიანების გამო კლინიკაში გადაიყვანეს - მას, სავარაუდოდ, ტვინის შერყევა აქვს.

ცნობისთვის, 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ გიორგი შინჯიკაშვილმა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა. გასულ წელს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინჯიკაშვილს კონფლიქტი ჰქონდა გდდ-ს უფროს ზვიად ხარაზიშვილთან, იგივე ხარებასთან.

კომენტარები