ტვ პირველის ჟურნალისტის, მარიამ მაკასარაშვილის თქმით, ქვემო ქართლის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ მას და მის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და საკუთარი და მედიის კუთვნილი ტექნიკა წაართვა.
მაკასარაშვილის ცნობით, შსს-ს წარმომადგენლები ადგილზე ამ დრომდე არ იმყოფებიან.
"გიორგი შინჯიკაშვილის მამამ თავდაპირველად ჩემს ოპერატორს წაართვა აპარატურა, კამერა, რომლითაც ვწერდით ინტერვიუს, ამის შემდეგ მეც გამომართვა ტელეფონი, ხელიც კი გამარტყა.
[...] ჩამორთმეული გვაქვს საკუთარი მობილური ტელეფონი და ასევე, კომპანიის მფლობელობაში არსებული ტექნიკა. ამ დრომდე არცერთი ძალოვანი უწყების თანამშრომელი არ გამოჩენილა, საინტერესოა, როდის ექნება უწყებას რეაგირება. ტექნიკა ახლა არის გიორგი შინჯიკაშვილის სახლში, რომელიც მისმა მამამ გაიტაცა. ის ჩვენ გვესაუბრებოდა და უცებ გახდა აგრესიული.
[...] სახეზე დაზიანებები აღგვენიშნება მეც და ჩემს ოპერატორსაც, კამერაც იყო დაზიანებული, მოტეხილი ჰქონდა ნაწილები და ასე შეიტანა სახლში. [...]" - თქვა ჟურნალისტმა, მარიამ მაკასარაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, გიორგი შინჯიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ შინჯიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ პოსტს პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებს.
შინჯიკაშვილი წერს, რომ რჩება "ქვეყნის და ერის სამსახურში".
გასული წლის ივნისში, რამდენიმე ტელევიზიამ - ტვ პირველმა, მთავარმა არხმა და ფორმულამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შინჯიკაშვილი დაპირისპირებული იყო გდდ-ს უფროს, ზვიად ხარაზიშვილთან, ამ დაპირისპირების გამო, შინჯიკაშვილმა გარკვეული პერიოდით ქვეყანაც დატოვა.
ტელევიზიები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ერთმანეთს ზვიად ხარაზიშვილის სპეცრაზმელები და შინჯიკაშვილის არაფორმალური დაჯგუფება დაუპირისპირდნენ. მთავარმა არხმა მაშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შინჯიკაშვილმა და მისმა დაჯგუფებამ ზვიად ხარაზიშვილს სცემა. ფორმულას ინფორმაციით კი, შინჯიკაშვილსა და ე.წ ხარებას [ზვიად ხარაზიშვილი] შორის დაპირისპირება ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო, მოგვიანებით კი მათ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტში გადაიზარდა.
ტვ პირველის ინფორმაციით, კი დაპირისპირება ხარაზიშვილის სპეცრაზმელებსა და შინჯიკაშვილის დაჯგუფებას შორის იყო.





