TV პირველის ცნობით, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას თავდასხმის დროს, მათმა ჟურნალისტმა, მარიამ მაკასარაშვილმა ტვინის შერყევა მიიღო.
"მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ცოტა ხნის წინ დასრულდა. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მარიამ მაკასარაშვილს ტვინის შერყევა აქვს. ჟურნალისტი მკურნალობისთვის კლინიკაში რჩება" - წერს TV პირველი.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტვ პირველის ჟურნალისტზე, მარიამ მაკასარიშვილსა და მის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 140 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან 2 წლამდე.
დღეს, 12 მაისს ტვ პირველის ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს და მის ოპერატორს ქვემო ქართლის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ტექნიკა წაართვა.
"გიორგი შინჯიკაშვილის მამამ თავდაპირველად ჩემს ოპერატორს წაართვა აპარატურა, კამერა, რომლითაც ვწერდით ინტერვიუს, ამის შემდეგ მეც გამომართვა ტელეფონი, ხელიც კი გამარტყა.
[...] ჩამორთმეული გვაქვს საკუთარი მობილური ტელეფონი და ასევე, კომპანიის მფლობელობაში არსებული ტექნიკა. ამ დრომდე არცერთი ძალოვანი უწყების თანამშრომელი არ გამოჩენილა, საინტერესოა, როდის ექნება უწყებას რეაგირება. ტექნიკა ახლა არის გიორგი შინჯიკაშვილის სახლში, რომელიც მისმა მამამ გაიტაცა. ის ჩვენ გვესაუბრებოდა და უცებ გახდა აგრესიული.
[...] სახეზე დაზიანებები აღგვენიშნება მეც და ჩემს ოპერატორსაც, კამერაც იყო დაზიანებული, მოტეხილი ჰქონდა ნაწილები და ასე შეიტანა სახლში. [...]" - თქვა ჟურნალისტმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, გიორგი შინჯიკაშვილმა თანამდებობა "პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე" დატოვა. შინჯიკაშვილი წერს, რომ რჩება "ქვეყნის და ერის სამსახურში".
გასული წლის ივნისში, რამდენიმე ტელევიზიამ - ტვ პირველმა, მთავარმა არხმა და ფორმულამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შინჯიკაშვილი დაპირისპირებული იყო გდდ-ს უფროს ზვიად ხარაზიშვილთან, ამ დაპირისპირების გამო, შინჯიკაშვილმა გარკვეული პერიოდით ქვეყანაც დატოვა.
ტელევიზიების ცნობით, ერთმანეთს ზვიად ხარაზიშვილის სპეცრაზმელები და შინჯიკაშვილის არაფორმალური დაჯგუფება დაუპირისპირდნენ. მთავარმა არხმა მაშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შინჯიკაშვილმა და მისმა დაჯგუფებამ ზვიად ხარაზიშვილს სცემა. ფორმულას ინფორმაციით, შინჯიკაშვილსა და ე.წ ხარებას [ზვიად ხარაზიშვილი] შორის დაპირისპირება ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო, მოგვიანებით კი მათ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტში გადაიზარდა. ტვ პირველის ინფორმაციით, კი დაპირისპირება ხარაზიშვილის სპეცრაზმელებსა და შინჯიკაშვილის დაჯგუფებას შორის იყო.