საგანგებო სამიტი

რა კომენტარები გააკეთეს ევროპის ლიდერებმა პარიზის საგანგებო შეხვედრის შემდეგ

პარიზში ემანუელ მაკრონის ინიციატივით გამართული ევროპის ლიდერების საგანგებო შეხვედრის მონაწილეები
X.com

პარიზში ემანუელ მაკრონის ინიციატივით გამართული ევროპის ლიდერების საგანგებო შეხვედრა დასრულდა. 

სამიტის შემდეგ გაკეთებული კომენტარების თანახმად, ლიდერებმა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის როლზე და მომავალში თავდაცვის გაძლიერებაზე იმსჯელეს.

საგანგებო შეხვედრას ესწრებოდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი და სხვა მაღალჩინოსნები. 

რა თქვეს სამიტის შემდეგ ევროპის ლიდერებმა:

კირ სტარმერი

"ევროპელი ლიდერების დღევანდელი არაფორმალური შეხვედრა თავდაცვის გამოწვევაზე რეაგირების მნიშვნელოვან პირველ ნაბიჯს წარმოადგენს. ნათელია, რომ აშშ NATO-ს არ დატოვებს, თუმცა ჩვენ, ევროპელებს, მეტის გაკეთება მოგვიწევს".

ოლაფ შოლცი

სრულიად ნაადრევი და სრულიად შეუსაბამოა ახლა ამ დისკუსიის (უკრაინაში სამშვიდობო ჯარის შეყვანა) დაწყება... მინდა ვთქვა, რომ ადამიანები საუბრობენ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის გარეშე, იმ მოლაპარაკებებზე, რომლებიც არ შედგა და რომლებზეც უკრაინას "კი" არ უთქვამს.

ემანუელ მაკრონი

"ჩვენ გვსურს მყარი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში. ამისთვის რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესია, რასაც უნდა ახლდეს უსაფრთხოების მყარი და სანდო გარანტიები უკრაინელებისთვის. 

ამისთვის, ჩვენ ვიმუშავებთ ევროპელებთან ამერიკელებთან და უკრაინელებთან.

ევროპის კომისია გააგრძელებს მუშაობას როგორც უკრაინის მხარდაჭერის, ისე ევროპის თავდაცვის განვითარებასა და მასში ინვესტირების მიმართულებით".

ურსულა ფონ დერ ლაიენი

დღეს პარიზში დავადასტურეთ, რომ უკრაინა იმსახურებს სიძლიერით მიღწეულ მშვიდობას. მშვიდობას, რომელიც პატივს სცემს მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ძლიერი უსაფრთხოების გარანტიებით. ევროპა სრულად იღებს საკუთარ წილს უკრაინის სამხედრო დახმარებაში. ამავდროულად ევროპაში თავდაცვის სფეროს გაძლიერება აუცილებელია

პედრო სანჩესი

სამშვიდობო მოლაპარაკებამ აქტიურად უნდა ჩართოს ევროკავშირი და უკრაინა, გააძლიეროს მრავალმხრივი წესრიგი და საერთაშორისო სამართალი, ასევე გააძლიეროს ევროპა.

მივესალმებით ისეთ მოლაპარაკებებს, რომლებიც სამართლიან და მყარ მშვიდობამდე მიგვიყვანს, მაგრამ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ (ომის) დასასრული არ უნდა იყოს ყალბი. წარსულის შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ.

დონალდ ტუსკი

ჩრდილოატლანტიკური ურთიერთობები და ჩვენი მეგობრობა აშშ-სთან ახალ ეტაპზე გადავიდა და ამას ყველანი ვხედავთ. ალბათ, არავის გაუკვირდება, ჩვენმა დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები აცნობიერებენ - დადგა დრო, ევროპას თავის დასაცავად გაცილებით მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს.

მეტე ფრედერიკსენი

"ყველა ევროპელმა უნდა გაიზარდოს პასუხისმგებლობა უკრაინის მიმართ და ამავე დროს გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, რადგან რუსეთი ახლა, სამწუხაროდ, მთელ ევროპას ემუქრება.

არ ვფიქრობ, რომ ისინი უკრაინაში შეჩერდებიან. სწორედ ამიტომ ძალიან მაწუხებს სწრაფი ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, რადგან ეს პუტინსა და რუსეთს ხელახალი მობილიზაციის შესაძლებლობას მისცემს, რათა შეუტიოს უკრაინასა და სხვა ევროპულ ქვეყანას". 

17 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ 18 თებერვალს საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლები უკრაინის ომის დასრულების საკითხზე იმსჯელებენ. 

ერ-რიადში შეხვედრაზე არ მიიწვეს უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლები. 

"უკრაინა არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას. უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უკრაინა უშედეგოდ მიიჩნევს ნებისმიერ მოლაპარაკებებს უკრაინაზე, უკრაინის ჩართულობის გარეშე. და ჩვენ ვერ ვაღიარებთ ნებისმიერ შეთანხმებას ჩვენს შესახებ, რომელიც ჩვენს გარეშე შედგა. და ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს". – თქვა ზელენსკიმ.

საუდის არაბეთში აშშ-ს მხრიდან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავიდა. მოგვიანებით ერ-რიადში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის და რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, იური უშაკოვის თვითმფრინავი დაეშვა.

საუდის არაბეთის შეხვედრაზე პასუხად ემანუელ მაკრონმა საგანგებო შეხვედრა მოიწვია, რომელიც პარიზში, ელისეს მინდვრებზე გაიმართა.

გარდა ამისა, აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კით კელოგმა თქვა, რომ დონალდ ტრამპი უკრაინაში სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას არ გამორიცხავს.

დღის განმავლობაში დასავლურ მედიაში ჩნდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროპელი ლიდერები სამშვიდობო ჯარის გაგზავნაზე მსჯელობენ, თუმცა სამიტიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა ამბავი არც დაადასტურეს და არც უარყვეს. 

ევროპის ლიდერების პარალელურად ანკრაში გაემგზავრა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც თურქეთის დედაქალაქში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ქვეყნის ლიდერები მათ შორის უკრაინაში ცეცხლი შეწყვეტის საკითხზეც იმსჯელებენ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ არის წინააღმდეგი, სამშვიდობო მოლაპარაკებების მონაწილე ჩინეთიც გახდეს, თუ ის მომავალში უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

კომენტარები