აშშ-საფრანგეთი

მაკრონი: გვსურს ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში, ამისთვის რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესია

პარიზში გამართული ევროპის ლიდერების საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ, შეხვედრის ინიციატორმა, ემანუელ მაკრონმა პირველი კომენტარი გააკეთა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის დასრულებისთანავე მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ჯერ დონალდ ტრამპთან და შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

"ჩვენ გვსურს მყარი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში. ამისთვის რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესია, რასაც უნდა ახლდეს უსაფრთხოების მყარი და სანდო გარანტიები უკრაინელებისთვის. 

ამისთვის, ჩვენ ვიმუშავებთ ევროპელებთან ამერიკელებთან და უკრაინელებთან". – წერს სოციალურ ქსელ X-ში მაკრონი.

მაკრონი დარწმუნებულია, რომ გარანტიების მისაცემად, ევროპას მოუწევს საკუთარ თავდაცვასა და უსაფრთხოებაში მეტი ინვესტიციის ჩადება:

"ევროპის კომისია გააგრძელებს მუშაობას როგორც უკრაინის მხარდაჭერის, ისე ევროპის თავდაცვის განვითარებასა და მასში ინვესტირების მიმართულებით".

18 თებერვალს, დაახლოებით 11:00 საათზე საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას აშშ-ს მხრიდან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესწრება, რუსეთს კი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ვლადიმირ პუტინის მრჩეველი იური უშაკოვი წარმოადგენენ.

17 თებერვალს ევროპის ლიდერები დახურულ კარს მიღმა ელისეს სასახლეში შეხვდნენ. მათ საგანგებო სამიტზე უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე იმსჯელეს.

კომენტარები