რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ომის შესახებ მოლაპარაკებებისთვის საუდის არაბეთში ჩავიდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო
REUTERS/Evelyn Hockstein/Pool

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებისთვის საუდის არაბეთში ჩავიდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს

ცოტა ხნის წინ Axios-ის გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სამშვიდობო მოლაპარაკებები საუდის არაბეთში სამშაბათს, 18 თებერვალს გაიმართება. თარიღის შესახებ ინფორმაციას, Reuters-ის ცნობით, ადასტურებენ რუსულ მედიაშიც. 

რუბიომ 16 თებერვალს განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში გაირკვევა, სერიოზულად ეკიდება თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის დამყარებას. 

ამასთან, 15 თებერვალს რუბიო ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მათ  ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთისთვის დაწესებული "ბარიერების" მოხსნა განიხილეს.

Reuters-ის ცნობით, რეგიონშია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გამოცემის ცნობითვე, 16 თებერვალს ჩავიდა და განაცხადა, რომ ვიზიტს საუდის არაბეთში და თურქეთშიც აპირებდა. ზელენსკიმ ასევე დაამატა, რომ ვიზიტის ფარგლებში იგი რუს ან ამერიკელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრას არ აპირებს. 

ამასთან, Axios-ს გასულ დღეებში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უთხრა, რომ უკრაინას აშშ-სგან მოლაპარაკებებზე მიწვევა არ მიუღია. 

საუდის არაბეთში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე აშშ-ს დელეგაციაში წარმოდგენილი იქნება აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი. 

საუდის არაბეთის დედაქალაქმა ერ-რიადმა, რომელიც ასევე მონაწილეობს ვაშინგტონის მოლაპარაკებებში ღაზის სექტორთან დაკავშირებით, Reuters-ის ცნობით, მნიშნველოვანი როლი ითამაშა ტრამპის ადმინისტრაციასა და მოსკოვს შორის კონტაქტების დროულად დამყარებაში, რისი მეშვეობითაც გასულ კვირას რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლა წარმატებით შედგა. 

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ მოლაპარაკებების დაგეგმვა უკავშირდება 12 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს. 

იმ დროს, ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ პუტინთან საუბარი "ძალიან ხანგრძლივი და პროდუქტიული იყო", ხოლო კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი მზადაა, აშშ-ს პრეზიდენტი და მისი დელეგაცია მოსკოვში მიიღოს.

ამავე დღეს ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების გამართვის მიზნით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, საუდის არაბეთში შეხვდება.

პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც. ზელენსკის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტთან მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებზე და ერთად მუშაობის მზადყოფნაზე ისაუბრა. 

ლიდერების საუბრის შესახებ ვრცელი განცხადება გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

კომენტარები