თავისუფლებისმოყვარე ქართველმა ხალხმა გუშინ ღამით, თბილისსა და სხვა რამდენიმე ქალაქში, აჩვენა, რომ ისინი არ აპირებენ თავიანთი ქვეყნის რუსეთისა და თვითგამოცხადებული დიქტატორული რეჟიმის ხელში ჩაგდებას.
ევროკავშირმა საქართველოს უმწეოდ ზურგი არ უნდა აქციოს, არამედ თავისი მხარდაჭერითა და ქმედებებით უნდა დაამტკიცოს, რომ დემოკრატია და თავისუფლება დაცვად ღირს.
რუსული იმპერიალიზმი მრავალ ფრონტზე პროგრესირებს. საქართველო ერთ-ერთი წინა ხაზია. თუ გვინდა, რომ ევროპაში დავიცვათ თავისუფლება და აღვადგინოთ გრძელვადიანი მშვიდობა, უნდა დავეხმაროთ ყველას, ვინც მზად არის იბრძოლოს საკუთარი თავისუფლებისთვის.
ქართველი ხალხი არ ნებდება. ეს არის პირველი სერიოზული გამოცდა ახალი ევროკომისიისთვის.
წერს ესტონეთის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი თავის X-ზე.
ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა
ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა.
ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.
ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა.
ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა, დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა.
ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა.
შემდგომ, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა.
პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.