რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

FT: რუსეთმა ჰუსიტების დახმარებით უკრაინაში საბრძოლველად ასობით იემენელი წაიყვანა

Mohammed Huwais/AFP/Getty Images

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტრეფიკინგის ჩრდილოვანი სქემის ფარგლებში უკრაინაში საბრძოლველად ასობით იემენელი მამაკაცი წაიყვანა, რაც რუსეთსა და იემენელი ჰუსიტების ტერორისტულ დაჯგუფებას შორის მზარდ კავშირებს აჩვენებს.

Financial Times-თან იემენიდან დაქირავებულმა მამაკაცებმა თქვეს, რომ მათ რუსეთი მაღალ ხელფასებსა და და რუსეთის მოქალაქეობის მიღებას დაჰპირდა, თუმცა, როდესაც ისინი ჰუსიტებთან დაკავშირებული კომპანიის მეშვეობით რუსეთში ჩავიდნენ, ისინი რუსეთის ჯარში ძალდატანებით ჩაწერეს და უკრაინაში საბრძოლველად ფრონტის ხაზზე გაგზავნეს. 

გამოცემის მიხედვით, რუსეთის მხრიდან მსგავსი მეთოდებით ჯარში უცხოელების ჩართვის მცდელობა ასახავს იმას, თუ როგორ ცდილობს კრემლი ომის გაგრძელებას, ქვეყანაში სრული მობილიზაციის გამოცხადების გარეშე.

ამერიკელი დიპლომატების თქმით, კრემლსა და იემენელ ჰუსიტებს შორის კავშირი, რაც უკრაინაში ომამდე წარმოუდგენელი იყო, ნიშანია იმის, თუ სადამდე მიდის რუსეთი, რომ კონფლიქტმა სხვა რეგიონებიც, მათ შორის ახლო აღმოსავლეთიც, მოიცვას.

იემენისთვის აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ტიმ ლენდერკინგმა დაადასტურა, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს ჰუსიტებთან კავშირების გაბმას და იარაღის მიწოდებასაც განიხილავს.

იემენის დედაქალაქ სანაში სტრატეგიული კვლევითი ცენტრის დირექტორის მაგედ ალმადჰაჯის თქმით, რუსეთი დაინტერესებულია "ნებისმიერი დაჯგუფებით წითელ ზღვაში, ან ახლო აღმოსავლეთში, რომელიც აშშ-ს მიმართ მტრულადაა განწყობილი". ხოლო დაქირავებული მებრძოლების რუსეთში გაგზავნის ორგანიზატორები ჰუსიტები არიან, რაც მათი მხრიდან რუსეთთან კავშირების გაბმის მცდელობაა.

თუმცა, სპარსეთის ყურის რეგიონზე Chatham House-ის ექსპერტის, ფარეა ალ მუსლიმის, მიხედვით, რუსეთში წაყვანილი იემენელ მებრძოლებს ომში ყოფნის არც გამოცდილება და არც სურვილი აქვთ.

"ერთი რამ, რაც რუსეთს სჭირდება, ჯარისკაცებია, და აშკარაა, რომ ჰუსიტები [რუსეთისთვის] რეკრუტირებას აკეთებენ". - ამბობს ალ მუსლიმი. მისი თქმით, "იემენი რეკრუტირებისთვის საკმაოდ მარტივი ადგილია. იგი ძალიან ღარიბი ქვეყანა".

Financial Times-ის მიერ ნანახ კონტრაქტში, რომლითაც ერთ-ერთი იემენელი მამაკაცი რუსეთში წაიყვანეს, ნახსენებია კომპანია, რომლის დამაარსებელიც ცნობილი ჰუსიტი პოლიტიკოსი, აბდულვალი აბდო ჰასან ალ-ჯაბრია. კომპანია ომანში არის დარეგისტრირებული და სარეგისტრაციო დოკუმენტებში იგი ტურ-ოპერატორად და სამედიცინო აღჭურვილობისა და ფარმაცევტული პროდუქტების საცალო მიმწოდებლად არის აღწერილი. დოკუმენტის მიხედვით, ამ გზით იემენელების რუსეთში წაყვანა ჯერ კიდევ ივლისის თვეში დაიწყო, ხოლო გამოცემასთან საუბრისას რუსეთში წაყვანილმა ერთ-ერთმა იემენელმა განაცხადა, რომ იგი რუსულ არმიაში მომსახურე დაახლოებით 200-მდე იემენელისგან შემდგარი ჯგუფის წევრი იყო, რომლებიც სექტემბერში, მოსკოვში ჩასვლის შემდეგ, ჯარში გაიწვიეს.

ჰუსიტები ირანიდან მართული შიიტი ამბოხებულები არიან, ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილი თავდასხმის შემდეგ, ჰუსიტების მხრიდან წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმამ რეგიონში დაძაბულობის კიდევ უფრო გაუარესება გამოიწვია და მსოფლიო ეკონომიკას საფრთხე შეუქმნა. წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმების შემდეგ, აშშ-მ დაჯგუფება 17 იანვარს ტერორისტთა სიაში კვლავ დააბრუნა.

რუსეთის ჯარში უცხოელი ახალგაზრდა კაცების შეტყუებისა და შემდგომ უკრაინაში საბრძოლველად ძალდატანებით გაგზავნაზე ცნობები მანამდე ინდოეთშიც გავრცელდა.

მარტის თვეში, ინდოეთის ცენტრალურმა საგამოძიებო ბიურომ (CBI) განაცხადა, რომ ამ გზით რუსულ ჯარში დაახლოებით 35 ინდოელი კაცი წაიყვანეს. ხოლო გამოცემა Rueters ინდურ წყაროებზე დაყრდნობით თებერვალში წერდა, რომ რუსეთის ჯარში დაახლოებით 100-მდე ინდოელი მსახურობდა.

ივლისში ინდოეთის პრემიერმინისტრის, ნარენდრა მოდის მოსკოვში ვიზიტისას, რუსეთმა პირობა დადო, რომ ჯარიდან გაათავისუფლებდა ნებისმიერ ინდოელს, რომლებიც უკრაინასთან საბრძოლველად მოტყუებით წაიყვანეს.

მოგვიანებით, 12 სექტემბერს, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთმა არმიიდან 45 ინდოელი ჯარისკაცი გაათავისუფლა, ხოლო კიდევ 50 ინდოელის გათავისუფლების მცდელობები კვლავ მიმდინარეობს.

ამასთანავე, მაისში ინდოეთის პოლიციამ ადამიანით ვაჭრობის ქსელთან დაკავშირებული ოთხი პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვის საფუძველი, დასაქმებისა და სასწავლებელი ადგილების პირობით, ახალგაზრდა კაცების რუსეთში შეტყუება და შემდგომ უკრაინაში საბრძოლველად რუსულ ჯარში მსახურობის ძალდატანება გახდა.

ინდოეთისა და იემენის გარდა, რუსულ ჯარში უცხოელების წაყვანის ცნობები სხვა ქვეყნებიდანაც ვრცელდება. CNN-თან სხვადასხვა წყარომ დაადასტურა, რომ წინა წელს რუსეთის მთავრობის მიერ უცხოელი მებრძოლების ჯარში აყვანის პროგრამის წარდგენიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინასთან ომში საბრძოლველად დაახლოებით 15 000 ნეპალელი დაიქირავა.

ჯარში რეკრუტირების პროგრამის ფარგლებში, რუსეთი უცხოელებს თვეში $2 000-იან ხელფასსა და რუსული პასპორტის მოპოვების გამარტივებულ პროცესს სთავაზობს. ნეპალის პასპორტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სუსტად მიიჩნევა და გლობალური მობილობის კუთხით რეიტინგში ჩრდილოეთ კორეასაც ჩამოუვარდება. ამასთანავე, ნეპალი მსოფლიოში ყველაზე ღარიბ ქვეყნებს შორისაა.

ნეპალის მთავრობის თქმით, რუსეთის ჯარში ნეპალის 200 მოქალაქე იბრძვის და ბრძოლაში 13 ნეპალელია მოკლული. თუმცა, ნეპალელი კანონმდებლებისა და უფლებადამცველების თქმით, მთავრობის ოფიციალური რიცხვები ბევრად ჩამოუვარდება ნამდვილ მონაცემებს. 

რუსული არმიისთვის უცხოელი ჯარისკაცების კიდევ ერთი წყარო ჩრდილოეთ კორეაა.

თავდაპირველად, 14 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში სამხედროებს აგზავნის, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან. 

აშშ-ს პენტაგონისა და სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დაახლოებით 10,000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცია გაგზავნილი. 

5 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები პირველად დაუპირისპირდნენ კურსკის ოლქში გადასხმულ ჩრდილოეთკორეელთა დანაყოფებს. 

23 ოქტომბერს, აშშ-მ პირველად განაცხადა, რომ რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთ. მანამდე, სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ გადაწყვიტა, უკრაინაში, ჯამში, 12,000 ჯარისკაცისგან შემდგარი ოთხი ბრიგადა გაგზავნოს. დაზვერვის მიხედვით, ჯარისკაცების მობილიზაცია უკვე დაწყებულია. 

სამხრეთ კორეელი პარლამენტარების ცნობით, ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში ჯარისკაცების გაგზავნის დასრულება დეკემბრისთვის არის მოსალოდნელი.

კომენტარები