საბრძოლო მოქმედებები კურსკის ოლქში

Z ბლოგერების ცნობით, კურსკში რატიბორის მეთაურობით ყოფილი ვაგნერელები ჩავიდნენ

აპტი ალაუდინოვი და ალექსანდრ კუზნეცოვი, იგივე რატიბორი 2024 წლის 6 აპრილს გავრცელებულ ვიდეოში.

ვაგნერის ჯგუფთან დაკავშირებულ ტელეგრამ-არხ Белорусский силовик-ზე წერენ, რომ ალექსანდრ კუზნეცოვის, იგივე რატიბორის მეთაურობით კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებების ზონაში ყოფილი ვაგნერელები ჩავიდნენ.

რატიბორი 2024 წლის აპრილში, 3 000 ვაგნერელთან ერთად, ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის სპეცრაზმ ახმატს შეუერთდა.

რატიბორის ჯგუფის საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის ცნობის გავრცელებამდე სპეცრაზმი ახმატის მეთაურმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური საქმიანობის მთავარი სამმართველოს მეთაურის მოადგილემ, აპტი ალაუდინოვმა თქვა, რომ ახმატის ერთ-ერთი ქვედანაყოფი კურსკის ოლქში იმყოფებოდა. ალაუდინოვის მტკიცებით, თავადაც ამ არეალშია ჩასული.

აქამდე გავრცელდა ცნობა, თითქოს, კსკ ვაგნერის წევრები აფრიკის ქვეყნებიდან გამოიყვანეს და კურსკის ოლქის მიმართულებაში გადასხეს, რასაც ვაგნერის ჯგუფთან დაკავშირებულ ტელეგრამ-არხებზე არ ადასტურებდნენ.

რუსულ ომის მხარდამჭერ ტელეგრამ-არხებზე ირწმუნებიან, რომ რატიბორის ჯგუფის, აფხაზი სეპარატისტების მიერ დაფუძნებული ბრიგადა პიატნაშკასა და ქვედანაყოფი აიდას ძალების ბრძოლაში ჩართვის შემდეგ სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა.

როდესაც 2024 წლის აპრილში რატიბორის მიერ სპეცრაზმ ახმატთან გაერთიანების ცნობა გავრცელდა, ეს ამბავი უარყოფითად შეაფასა ვაგნერელთა ნაწილმა, განსაკუთრებით სწორედ მათ, ვინც აფრიკის მიმართულებით მუშაობას განაგრძობდნენ. კრიტიკის ფაქტორი გახდა კსკ ვაგნერსა და კადიროველებს შორის აქამდე არსებული უთანხმოებები.

2023 წლის ივნისის დასაწყისში ვაგნერელებსა და კადიროველებს შორის სიტუაცია დაიძაბა, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში კსკ-ს დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინსა და კადიროვს გარკვეული კავშირი ჰქონდათ. კადიროველები ვაგნერელების მიერ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიმართ ხისტ კომენტარებს აკრიტიკებდნენ. სიტყვიერ დაპირისპირებაში თავად დმიტრი უტკინი, ზედმეტსახელად ვაგნერი ჩაერთო და პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა.


უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა აფეთქებული რუსული ტექნიკისა და ჩამოგდებული ვერტმფრენის ამსახველი ფოტოები და კადრები. საპირისპიროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში მონაწილე უკრაინული ტექნიკის განადგურებაა ასახული. რამდენიმე რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს. 

პროკრემლისტური ტელეგრამ არხი Mash-ი ირწმუნება, რომ იერიშში მონაწილეობა მიიღეს რუსული მოხალისეთა კორპუსის, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადისა და ტერიტორიული თავდაცვის წევრებმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.

წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.

კომენტარები