ვაგნერის ჯგუფი

კადიროვის თქმით, მის სპეცრაზმს 3000 ვაგნერელი და მათი ერთ-ერთი ლიდერი, რატიბორი უერთდება

აპტი ალაუდინოვი და რატიბორი

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, რომ მის ქვედანაყოფ ახმატში გაწევრიანდება 3 000 ყოფილი ვაგნერელი, მათ შორის კერძო სამხედრო კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი, რომელიც ცნობილია რატიბორის ზედმეტსახელით.

კადიროვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქვედანაყოფის რიგებში გამოყო საკმარისი რაოდენობის ვაკანსია და მებრძოლებს მალე შეეძლებათ "ოპერაციული-საბრძოლო დავალებების შესრულება".

"თავად რატიბორი დიდი ხნის განმავლობაში გადიოდა მკურნალობას საარტილერიო დარტყმის შედეგად დაჭრის გამო. მას შემდეგ, რაც ძლივს ფეხზე დადგა, მიიღო გადაწყვეტილება, დაბრუნებულიყო საბრძოლო მოქმედებების ზონაში, უკვე ახმატის რიგებში." - წერს კადიროვი.

კადიროვის თქმით, კსკ ვაგნერის მებრძოლები ცნობილი არიან საკუთარი ეფექტიანობით და გამოთქვა იმედი, რომ "სახელს გაამართლებენ".

კადიროვის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში საკუთარი თანაშემწე, აპტი ალაუდინოვი რატიბორთან ერთად ჩანს და საუბრობს ვაგნერელთა ნაწილის შეერთებაზე. ალაუდინოვმა ვიდეოში თქვა, რომ კსკ ვაგნერი "აღარ არსებობს".

რატიბორი, ანუ ალექსანდრ კუზნეცოვი ცნობილია როგორც კსკ ვაგნერის ერთ-ერთი ლიდერი. მედიის ცნობებით, ის 2008 წელს დაკავებული იყო ადამიანის გატაცებისა და ძარცვის ბრალდებით. ის 2013 წელს პატიმრობიდან გათავისუფლდა, ერთ წელში კი კსკ ვაგნერის ასეულის მეთაური გახდა.

ვაგნერთან დაკავშირებულ ერთ-ერთ არხზე, GREY ZONE-ზე რატიბორის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და დაწერეს, რომ ბევრი ვაგნერელი ამ ფაქტს გაოცებით შეხვდა.

აქამდე უკვე გავრცელებული იყო ცნობები, რომ ზოგიერთი ვაგნერელი კადიროვის სპეცრაზმს შეუერთდა.

2023 წლის ივნისის დასაწყისში ვაგნერელებსა და კადიროველებს შორის სიტუაცია დაიძაბა, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ევგენი პრიგოჟინსა და კადიროვს გარკვეული კავშირი ჰქონდათ. კადიროველები ვაგნერელების მიერ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიმართ ხისტ კომენტარებს აკრიტიკებდნენ. სიტყვიერ დაპირისპირებაში თავად დმიტრი უტკინი, ზედმეტსახელად ვაგნერი ჩაერთო და პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა.

2023 წლის ნოემბერში, კსკ ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ჩავარდნილი აჯანყებისა და მისი სიკვდილის შემდეგ, გავრცელდა ცნობები, რომ კერძო სამხედრო კომპანია როსგვარდიას დაექვემდებარა და მისი მეთაური პრიგოჟინის ვაჟიშვილი დაინიშნა. კსკ-ს აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული გავლენების ხელში ჩაგდებას კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობდა.

კომენტარები